ალაგირის ტრაგედია, ოსი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი ქართველი მოსახლეობის გენოციდი სოფ. ალაგირში 1919 წ. 11 იანვარს.
ალაგირი თერგის ოლქის ვლადიკავკაზის ოკრუგში შედიოდა როგორც ცალკე სამამასახლისო. იგი კარგი ბუნებრივი პირობებითა და ნაყოფიერი მიწებით გამოირჩეოდა. 1879-იდან იქ დასახლება დაიწყეს რაჭველმა მცირემიწიანმა გლეხებმა, რ-ებიც იჯარით იღებდნენ ანდა ყიდულობდნენ ალაგირის ტყვია-თუთიის სადნობი ქარხნის თავისუფალ მიწებს და სულ ათიოდ წელიწადში ალაგირელ ქართველ მოსახლეთა რაოდენობამ 120 კომლს მიაღწია. 1919 იანვ. მონაცემებით კი აქ უკვე ქართველთა 300-მდე კომლი სახლობდა. ისინი ქართული წეს-ჩვეულებებით ცხოვრობდნენ, ჰქონდათ ოთხწლიანი სკოლა, კლუბი, სცენისმოყვარულთა და მომღერალ-მგალობელთა გუნდები, ეკლესია, სადაც წირვა-ლოცვა ქართულად სრულდებოდა. ოსი ნაციონალისტები ხელსაყრელ დროს ელოდნენ, რათა დაპატრონებოდნენ ალაგირელი ქართველების ქონებას და საერთოდ არაოსი მოსახლეობისაგან გაეწმინდათ თავიანთი მხარე. სამოქალაქო ომმა ხელსაყრელი ვითარება შექმნა ამ განზარხვის შესასრულებლად. 1918 ივნისში ალაგირელმა ქართველებმა უმასპინძლეს საქართველოდან ოსეთში გადასულ ა. გეგეჭკორის შეიარაღებულ რაზმს, რაც ალაგირის დარბევის კიდევ ერთ საბაბად იქცა. 1919 წ. 6 იანვარს ოსთა შეიარაღებულმა რაზმებმა პირველი დიდი თავდასხმა მოაწყვეს ალაგირზე. ამჯერად ისინი უკუაქციეს. 11 იანვარს თავდასხმა გამეორდა. ოსთა მრავალრიცხოვანი შეიარაღებული რაზმები შეიჭრნენ ალაგირში და საშინელი ხოცვა ჟლეტა გააჩაღეს. არ ინდობდნენ ბავშვებსა და მოხუცებს, ბევრი დახვრიტეს, ზოგს ყელი გამოჭრეს, ზოგიც კარჩაკეტილ სახლებში დაწვეს. თავდამსხმელებმა დაიტაცეს მთელი ქონება, საქონელი, გაძარცვეს ეკლესია, დაეპატრონენ ქართველთა სახლებს. 300-მდე ოჯახი აყარეს. ბევრი ლტოლვილი გზაში დაიღუპა. ლტოლვილთა მდგომარეობა იმდენად სავალალო იყო, რომ ვ. ლენინიც კი გამოეხმაურა. იგი მოითხოვდა დახმარებოდნენ ალაგირელ ლტოლვილებს, დაეკმაყოფილებინათ მათი კანონიერი მოთხოვნები, დაებრუნებინათ ისინი მშობლიური ადგილებში ან ახ. ადგილებზე გადასვლაში დახმარებოდნენ მათ. ეს მოთხოვნა არ შესრულებულა.
ლიტ.: რ ე ხ ვ ი ა შ ვ ი ლ ი ს., ალაგირელ ქართველთა ტრაგედია, «სახალხო განათლება», 1989, 18 ოქტ.; Л е н и н В. И., Полн. собр. соч., т. 52, с. 299 – 300.
ს. რეხვიაშვილი