ალაზნის არხი, სარწყავი არხი აღმ. საქართველოში, შიგნიკახეთში, მდ. ალაზნის მარჯვ. მხარეზე.
ა. ა. აგებული იყო XII – XIII სს-ში – თამარ მეფის ეპოქაში და მას „თამარის არხს“ უწოდებდნენ. მისი სიგრძე იყო 119 კმ. რწყავდა 53 ათ. ჰა. იწყებოდა ალავერდის ტაძრის მახლობლად და მთავრდებოდა სოფ. ქვემო ქედთან (დედოფლისწყაროს მუნიციპ.). არხი საუკუნეების განმავლობაში არაერთხელ დანგრეულა და ისევ აღდგენილა. დღევანდელი ა. ა. თანამედროვე საინჟინრო ნაგებობაა (ნაწილობრივი ექსპლუატაცია – 1930, დამთავრდა – 1933), სიგრძე 91 კმ. არხი იწყება სოფ. კონდოლის (თელავის მუნიციპ.). მახლობლად, მთავრდება სოფ. წითელ საბათლოსთან (დედოფლისწყაროს რ-ნი). წყალგამტარობა 18მ³/წმ. რწყავს თელავის, გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების მიწებს.
გ. ჩანგაშვილი