ალევი, ძველი სოფელი ქსნის მარცხ. შენაკად ალეურის ქვემოწელზე (ახლანდ. ახალგორის მუნიციპ).
იყოფოდა ქვემო და შუა უბნებად, რ-ებიც შემდეგ ცალ-ცალკე სოფლებად იქცნენ (ახლანდ. ქვემო ალევი და შუა ალევი). ადამიანს ამ მიდამოებში უკვე ბრინჯაოს ხანაში უცხოვრია. გვხვდება ანტ. პერიოდის სამარხებიც. 1981–90 გაითხარა ადრინდ. ფეოდ. ხანის სამაროვანი. ფეოდ. ხანაში ა. ჯერ ქსნის ხევში შედიოდა, შემდეგ – ქსნის საერისთავოში. 1804 ა-ში 500-ზე მეტი კაცი ცხოვრობდა 33 კომლად, 1865-ში 50 კომლს ითვლიდა. ა-ის სამხრ.-აღმ-ით 3 – 4 კმ-ზე, უნაგირა მთის თხემზე მდებარეობს ალევის ე. წ. „ოქროსკარიანი“ სამების ეკლესია (VIII–IX სს.), მდიდარი და განთქმული სალოცავი აღმ. საქართველოში. ეკლესია დარბაზულია. აქვს გეგმით სწორკუთხა საკურთხეველი და ტრომპებზე დაყრდნობილი კონქი. სამხრ. და ჩრდ. კედლის პილასტრებზე ამოყვანილ თაღს ებჯინება გადამხური კამარა. ჩრდ., დას. და სამხრ-იდან აქვს მინაშენები, რ-ებშიც შესასვლელებია გაჭრილი. მთავარ ეკლესიას აღმ-იდან მიდგმული აქვს მეორე, მომცრო ეკლესია ნახევარწრიული აფსიდით (X ს.). კომპლექსს გარს არტყია ნატეხი ქვით ნაგები გალავანი, რ-ის შიგნით სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნანგრევებია.
ჯ. გვასალია