ალერტი, სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემში (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი), ოდიშის ვაკეზე, მდ. ცივის (რიონის მარჯვ. შენაკადი) მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 220 მ, მარტვილიდან 22 კმ. 223 მცხ. (2014).
პროფ. ი. ყიფშიძე ა-ს „ალავერდის“ შემცირებულ ფორმად მიიჩნევს. ა., ისევე როგორც ილორის წმ. გიორგი, დას. საქართველოში საკმაოდ ცნობილი რელიგ. კერა იყო. გადმოცემით, აქ იდგა წარმართობის დროინდელი მთვარე ღმერთის – ალარტის კერპი, რ-ის ადგილზე ქრისტიანობის მიღების შემდეგ ეკლესია აუშენებიათ. შემონახულია წმ. გიორგის XVIII ს. ეკლესია, რ-იც უფრო ძვ. საფუძველზეა აგებული. გეგმით ჯვრის ტიპის გუმბათოვან ნაგებობას აღმ-ით სამი შვერილი, ნახევარწრიული აფსიდი აქვს, რ-თა შორის კუთხოვანი ნიშებია დატანებული. შესასვლელი სამხრ. და დას-იდან აქვს. სამხრ. კარის თავზე გველეშაპთან მებრძოლი წმ. გიორგის ბარელიეფური გამოსახულებაა, ეკლესიის ჩრდ-თი ძვ. ნაგებობის ნაშთია. ეზოში დგას თლილი ქვით ნაგები მოხდელილი სამრეკლო, რ-იც ასევე ძვ. ნაგებობის ფუძეზეა დაშენებული.
ლიტ.: ე ლ ი ა ვ ა გ., აბაშისა და ტეხურის ხეობების ისტორიული ღირსშესანიშნაობანი. მეგზური, თბ., 1971.