ალექსანდერსდორფი (გერმ. ალექსანდრეს სოფელი), ვიურტემბერგელ გერმანელთა დასახლება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ძვ. თბილისის დახლ. 6 კმ-ზე.
გერმანელები თბილისში (კერძოდ, სამხრ. კავკასიაში) ჩამოვიდნენ რუს. მთავრობის ხელშეწყობით. 1819 გერმანელთა 23 ოჯახმა დაიკავა ისტ. დიდუბის ტერიტორია 36,52 დესეტინა მიწის ფართობი (ახლანდ. სამტრედიის ქუჩის მიდამოებში). სახელწ. ა. დასახლებამ მიიღო რუს. იმპ. ალექსანდრე I-ის პატივსაცემად.
კოლონისტები ძირითადად სოფლის მეურნეობას მისდევდნენ (ხილი, ბოსტნეული და სხვ.) მტკვრიდან მიყვანილი ჰქონდათ სარწყავი რუ, ე. წ. „ბაღის რუ“, რ-იც მტკვრის პარალელურად იყო გაჭრილი და აღწევდა დიდუბის ქუჩამდე ა-ში მიმავალ გზას თითქმის XX ს. 20-იანი წლების მიწურულამდე ერქვა „გზა გერმანელთა კოლონიაში“, 30-იან წლებში – ბრძოლის ქუჩა (ახლანდ. ა. წერეთლის პროსპექტი). XX ს. 30-იან წლებში ა-ის ყოფ. ბაღჩა-ბაღების ადგილზე მოეწყო „გერმანელთა კოლმეურნეობა“ და „კახიანის კოლმეურნეობა“ (იხ. კოლონისტები საქართველოში).
ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე თ., ძველი თბილისის გარეუბნების ისტორია, თბ. 1977; მ ა ნ ჯ გ ა ლ ა ძ ე გ., გერმანელი კოლონისტები ამიერკავკასიაში, თბ. 1974; ს ო ნ ღ უ ლ ა შ ვ ი ლ ი ა., გერმანელები საქართველოში, თბ., 1995.
თ. ბერიძე