ალექსანდრე V (დაახლ. 1703/4 – III. 1752), იმერეთის მეფე 1720–51.
ა. V-ის მეფობისათვის დამახასიათებელია განუწყვეტელი შინაფეოდალური ომები და ოსმალთა აგრესიის გაძლიერება. მეფის ცენტრ. ხელისუფლება დასუსტებული იყო. 1721–28 სამეფოს ფაქტობრივად ოდიშის მთავარი ბეჟან დადიანი განაგებდა. 1734 ა. V-მ ჩიხორთან ბრძოლაში დაამარცხა ოტია დადიანი და მეფე-მთავრებს შორის დროებით მშვიდობა დამყარდა. ა. V რუსეთთან დაახლოების მომხრე იყო. მის პირველ ცდებს ამ მიმართულებით 1720–30 შედეგი არ მოჰყოლია. რუს.-ოსმალეთის 1735–39 ომის დროს, რუსეთის მიერ აზოვის აღების (16. VI. 1736) შემდეგ ა. V-სა და მის მომხრეებს დახმარების მიღების იმედი გაუჩნდათ. 1738 ა. V-მ რუსეთში ელჩად გაგზავნა ქუთათელი მიტროპოლიტი ტიმოთე გაბაშვილი. ელჩმა რუს. სამეფო კარს სთხოვა მფარველობა, დას. საქართველოს რუკა წარუდგინა და ქვეყნის თურქთაგან განთავისუფლების გეგმა გააცნო. ბელგრადის საზავო ხელშეკრულებამ (1739) ამ გეგმის განხორციელება შეუძლებელი გახადა. სამეფოში კვლავ ატყდა შინაფეოდ. ომი. 1741 ა. V-ის მოწინააღმდეგე ფეოდალებმა მისი ძმა გიორგი გაამეფეს. ა. V-მ იმავე წელს დაიბრუნა ტახტი. 1743 ზავი დადო დადიანთან და სამეფოში დროებით მშვიდობა დამყარდა. 1746 ა. V ტახტიდან გადააყენა ძმამ მამუკამ. 1747 თურქ. დახმარებით ისევ დაიბრუნა მეფობა. ა. V-მ ააშენა ჩხარის წმ. გიორგის მონასტერი (1737) და ვარციხის სამეფო სასახლე.
წყარო: დადიანი ნ., ქართველთ ცხოვრება, შ. ბურჯანაძის გამოც., თბ., 1962; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; ორბელიანი პ., ჰამბავნი ქართლისანი, ე. ცაგარეიშვილის გამოც., თბ., 1981.
ლიტ.: ბ უ რ ჯ ა ნ ა ძ ე შ., ლიხთ-იმერეთის 1737 წლის რუკა როგორც ფეოდალური საქართველოს ისტორიის პირველწყარო, «ხელნაწერთა ინ-ტის მოამბე», 1959, ტ. 1; კ ა კ ა ბ ა ძ ე ს., საქართველოს ისტორია. ახალი საუკუნეების ეპოქა (1500–1810), ტფ., 1922; რ ე ხ ვ ი ა შ ვ ი ლ ი მ., იმერეთი XVIII საუკუნეში, თბ., 1982; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.
კ. გრიგოლია