ალექსანდრე ნეველის ლავრა, ყოფილი მონასტერი სანქტ-პეტერბურგში, ამჟამად სახელმწ. ნაკრძალი, სადაც მოთავსებულია ქალაქის ქანდაკების მუზეუმი XVIII ს. ნეკროპოლითურთ.
ა. ნ. ლ. დააარსა პეტრე I-მა 1710. აქ თანდათან ჩამოყალიბდა დიდი სამონასტრო კომპლექსი, რ-ის ცენტრშიც არის საკრებულო ტაძარი. სამონასტრო კომპლექსი აერთიანებს ხარების საყდარს (1717–22), სამების ტაძარს (1778–90) და სხვ. 1797 გადაიქცა ლავრად. აქ დაკრძალული არიან მ. ლომონოსოვი, ა. სუვოროვი, დ. ფონვიზინი, ნ. კარამზინი, ი. კრილოვი, მ. გლინკა, მ. მუსორგსკი, პ. ჩაიკოვსკი, თ. დოსტოევსკი და სხვ. ა. ნ. ლ-სთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ ქართველებს. 1717 ლავრა მოინახულა მოსკ. დონის მონასტრის წინამძღვარმა ლავრენტიმ (გაბაშვილი). შემდეგში აქ არაერთხელ იყვნენ ვახტანგ VI-ის ამალის წევრები. ა. ნ. ლ-ს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს პეტერბ. ქართ. ახალშენის წევრებმა, სადაც ისინი ფართო სამწერლო და კულტ. მოღვაწეობას ეწეოდნენ. მთავარეპისკოპოსმა დოსითეოსმა (ფიცხელაური) 1813 დაასრულა სვინაქსარის რუსულიდან ქართულად თარგმნა. ძეგლი გადაწერა პ. ლარაძემ. 1814 ბაგრატ ბატონიშვილმა ლავრაში გადანუსხა „შვიდეულთანი სამოციქულო და სახარებანი“, ხოლო მღვდელმონაზონმა ე. ბუჭყიაშვილმა– „წმიდასა და დიდსა კვირიაკეს, პასექისასა და ამაღლებასა უფლისასა“. ხელნაწერში მახარობლები ჩახატა იოანე ბატონიშვილმა. შემდგომ პერიოდში ქართველთა მოღვაწეობა ლავრაში გაფართოვდა. ხარების ტაძარშია ქართვ. სამეფო ოჯახის წევრთა ნეკროპოლი. აქ არიან დაკრძალული სიმონ ბატონიშვილის ვაჟიშვილები, დარეჯან დედოფალი, დავით, თეიმურაზ, იოანე, მირიან ბატონიშვილები, მწერალი იოანე (ხელაშვილი), მარიამ დედოფალი (დადიანი) – სოლომონ II-ის მეუღლე და სხვ. 1934 ტაძრის ეზოში დაკრძალეს აკად. ნ. მარი.
ლიტ.: დ ო ნ დ უ ა ვ., ვახტანგ VI-ის დროინდელი საქართველოს პოლიტიკური ისტორიიდან (1712 – 1745). «მიმომხილველი», 1953 ტ. 3; Памятники архитектуры Ленинграда, Л., 1958.
ფ. სიხარულიძე