ალექსი-მესხიშვილები

ალექსი-მესხიშვილები, მესხიშვილები, XVII – XIX სს. მოღვაწე მწიგნობართა, კალიგრაფთა და მხატვართა გვარი.

გადმოვიდნენ მესხეთიდან და თბილისში XVII ს-ში დამკვიდრდნენ. დაკავშირებული იყვნენ ანჩისხატის ეკლესიასთან. მღვდელი პეტრე მესხი (გ. 1680) ანჩისხატის კანდელაკი (მნათე) იყო. ანჩისხატის დეკანოზები იყვნენ მისი შვილი, მხატვარი გრიგოლი და გრიგოლის ვაჟი ალექსი – XVIII ს. შუა წლების მოღვაწე, გამოჩენილი კალიგრაფი, ქართვ. კალიგრაფთა სახელგანთქმული დინასტიის დამფუძნებელი (მესხიშვილების გვარი მის შემდეგ იწოდება ა.-მ-ად). ალექსი ქართ. ნუსხური ხელნაწერი წიგნის ერთ-ერთი საუკეთესო ოსტატი იყო, წერდა მხედრულითაც. გადაწერილი აქვს საერო და სას. შინაარსის მრავალი ათეული წიგნი, რ-თაგან ზოგი დასურათებულია. საერო და სას. წიგნები აქვს გადაწერილი მხედრულად და ნუსხურად აგრეთვე წერის შესანიშნავ ოსტატს სოლომონ ალექსის ძეს (1742–1808). საგანგებოდაა აღსანიშნავი დავით ალექსის ძის მოღვაწეობა (იხ. დავით რექტორი).

მწერალი, მთარგმნელი და კალიგრაფი იყო ქვათახევის მონასტრის არქიმანდრიტი ტარასი სოლომონის ძე (1793–1874). ა. მ-ის გადაწერილ-გაფორმებული წიგნები ორგანულად უკავშირდება ძვ. ქართ. ხელნაწერი წიგნის ტრადიციებს. გაფორმებისათვის ისინი იყენებდნენ დიდი ხნის წინ შემუშავებულ ხერხებს (თავსართები და ბოლოსართები, საზედაო ასოები, სინგურის სტრიქონები ტექსტში და სხვ.). ალექსის განსაკუთრებით უყვარდა ჩართული წერა დიდი, დეკორ. მთავრული ასოებით, ორნამენტული მოტივები.

ა. -მ-ის მიერ გადაწერილ წიგნთა უმრავლესობა ინახება საქართვ. მეცნ. აკად. ხელნაწერთა ინ-ტში.