ალექსი-მესხიშვილი ბარბარე ვლადიმერის ასული [1 (13). II. 1898, თბილისი, – 25. XII. 1972, იქვე], მსახიობი. საქართვ. დამს. არტისტი (1943). ლადო ალექსი-მესხიშვილის ქალიშვილი.
მოსკ. მცირე თეატრთან არსებული დრამ. კურსების დამთავრების შემდეგ, 1916–41, მოღვაწეობდა მოსკ., ხარკოვის, კიევის, ბაქოსა და კრასნოდარის თეატრებში. საგასტროლოდ ხშირად ჩამოდიოდა თბილისში და მონაწილეობდა დადგმებში: „პარიზელი ბიჭი“, „ჟოზეფი“, „სამოთხე და ჯოჯოხეთი“, მართავდა ვოდევილების საღამოებს. 1942–46 თბილ. გრიბოედოვის სახ. თეატრის მსახიობი იყო. როლებიდან აღსანიშნავია: ჟუანა და მართა (ტირსო დე მოლინას „დონ ხილი – მწვანე შარვალი“ და „ღვთისმოსავი მართა“), პაისკეტი (ა. პინეროს „სახიფათო ასაკი“), მირანდოლინა (კ. გოლდონის „სასტუმროს დიასახლისი“), ტუგინა (ა. ოსტროვსკის „უკანასკნელი მსხვერპლი“). იგი იყო აგრეთვე რეჟისორი, თეატრმცოდნე, ჟურნალისტი და მკვლევარი. ხშირად მოგზაურობდა საზღვარგარეთ.
1915-იდან იღებდნენ კინოში. მისი ეკრანული სახეებიდან საინტერესოა ჯემა („გაზაფხულის ნიაღვარი“), ფონია („დურმანი“), მოცეკვავე ქალი („ელენე პავლეს ასული და სერიოჟკა“), მანია („ვისი ბრალია?“) და სხვ.
ა. გვენცაძე