ალექსი-მესხიშვილი ნინო სარდიონის ასული (14. XI. 1900, პეტერბურგი, - 9. V. 1983, თბილისი), მსახიობი. საქართვ. დამს. არტისტი (1941). დაამთავრა ა. ფაღავას დრამ. სტუდია (1924) და მსახიობად ჩაირიცხა რუსთაველის სახ. თეატრში. ასრულებდა სახასიათო როლებს: აკვირია (ა. მირცხულავას „განგაში“), ჟანა ბარბარუ (ლ. სლავინის „ინტერვენცია“), ხოზე (გ. მდივნის „ალკაზარი“), სმერალდინა და მადამ ფონტენი (კ. გოლდონის „ორი ბატონის მსახური“ და „საპატარძლო აფიშით“), სალი (ბ. ლავრენიოვის „ამერიკის ხმა“), ვერა კაშკადამოვა (ი. პოპოვის „ოჯახი“), რუთ მამლოკი (ფ. ვოლფის „პროფესორი მამლოკი“), სოფია (ა. ოსტროვსკის „ზოგჯერ ბრძენიც შეცდება“), ანა ონიშნიკოვა (მ. გორკის „ვასა ჟელეზნოვა“), მარკიზა დე მონტეფიორი (ფ. დიუმანუარისა და ა. დენერის „დონ სეზარ დე ბაზანი“) და სხვ.
ა. გვენცაძე