ალექსიძე ალექსანდრე გიორგის ძე

ალექსიძე (ნამდვ. გვარი სონღულაშვილი) ალექსანდრე გიორგის ძე (1874, თბილისი, - 27. XII. 1934, იქვე), პირველი ქართველი პროფესიონალი მოცეკვავე, პედაგოგი.

ასრულებდა როგორც ქართ., ისე კავკ. სხვა ხალხთა ცეკვებს. 1896 – 1924 იყო თბილ. საოპერო თეატრის სოლისტი. ცეკვავდა საოპერო დადგმების ქორეოგრაფიულ სცენებში: „რუსლან და ლიუდმილა“ (მ. გლინკა). „დემონი“ (ა. რუბინშტეინი) და სხვ. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართ. ხალხ. ცეკვების პროპაგანდის საქმეში. 1895 პარიზში რუს. ეთნოგრ. გამოფენაზე ქართ. ცეკვების შესრულებისათვის ოქროს დიდი მედლით დააჯილდოვეს. ქართვ. მოცეკვავეთა კვალიფიცირებული კადრის მომზადების მიზნით 1902 თბილისში დააარსა ხალხ. ცეკვების პირველი სტუდია, რ-საც სათავეში ედგა 1934-მდე. მისი მოწაფეები იყვნენ ი. სუხიშვილი, ა. ჩიხლაძე, ს. ნონიაშვილი, მ. სულხანიშვილი, შ. ჩირაძე, რ. ჭოხონელიძე და სხვ.

ლიტ.: გ ვ ა რ ა მ ა ძ ე  ლ., მთაწმინდელი მოცეკვავე, თბ., 1962.