ალიაბადი

ალიაბადი, სოფელი საინგილოში, ჭარ-ბელაქანში (ახლანდ. აზერბ. რესპ. ზაქათალის რ-ნში).

ა-ის ძვ. ისტორიული სახელწოდებაა ენისელი (საინგილოს ენისელი). XVII ს. მიწურულს ჭარ-ბელაქანში, საქართველოს ამ ძირძველ მიწაზე, ქართველ ფეოდალთა ხელისუფლება დაეცა და ავარიელ ლეკთა მფლობელობა დამყარდა. კახელი გლეხი (შემდეგ „ინგილო“) მათი გავლენის ქვეშ მოექცა, მაგრამ ქართველობა მაინც შეინარჩუნა. XVIII ს. I მეოთხედში და უფრო გვიანაც ა-ში ჯერ კიდევ შეიმჩნეოდა ქართველთა გავლენა, რაც კარგად ჩანს კახთა მეფის კონსტანტინე I-ის მიერ გაცემული სიგელიდან (1726), სადანაც ირკვევა, რომ ჭავჭავაძეთა გვარს ჰქონია „სახელო“ საინგილოს ენისელში. ა. ყველაზე დიდი სოფელია ე. წ. „ენისელის სოფელთა“ (ალიბადი, ვერხვიანი, მოსული, თასმალო, ზაგამი, ჰენგიანი, ყანდახი, ყაფანახჩი, მარსანი, ლალაფაშა) ჯგუფში, დასახლებულია გამუსლიმანებული ქართველებით და წარმოადგენს მუსლიმან ინგილოთა ცენტრს. ა-ის მცხოვრებნი დღეს აზერბ. გვარებს ატარებენ, ხოლო ძველად მათი ქართული გვარები ყოფილა დათუნაანი, ბოლღაანი, მალხაზანები, წიწიაშვილები და სხვ. 1826 სტატისტ. მონაცემებით, ა-ში 360 კომლი სახლობდა, 1859 კამერალური აღწერის მიხედვით – 617 კომლი, 1871– 688 – კომლი, 1886 – 790 კომლი. XX ს. 60-იან წწ. მონაცემებით ა-ში ცხოვრობდა 900 კომლი (დაახლ. 5600 სული). ჭარ-ბელაქნის რუსეთთან შეერთების (1830) შემდეგ ა. ადმინისტრაციულად თავდაპირველად შედიოდა ჭარ-ბელაქნის ოლქში, 1840 – ბელაქნის მაზრაში, რ-იც ადმინისტრაციულად საქართველო-იმერეთის გუბერნიას ექვემდებარებოდა, 1844-იდან – ჭარ-ბელაქნის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში, 1860–1917 – ზაქათალის ოკრუგში, ხოლო 1921-იდან აზერბ. რესპ. ფარგლებში მოექცა.

წყარო: ზაქათალის წოდებრივ-საადგილმამულო კომისიის მასალები (საქართველოს ცენტრალური სახელმწ. საისტორიო არქივი), ფონდი 236.

ლიტ.: პ ა პ უ ა შ ვ ი ლ ი  თ., ჭარ-ბელაქანი. ისტორიული ნარკვევი, თბ., 1972.

თ. პაპუაშვილი