ალიბეგლო, სოფელი საინგილოში (ახლანდ. აზერბ. რესპ. კახის რ-ნში), გადმოცემით, ძვ. სახელწოდებაა ქათმისხევი.
სოფელი წარმოიქმნა XIX ს. დასაწყისში. შედიოდა ელისუს სასულთნოში. ა-ში მცხოვრები ქართველები სულთან ახმედ-ხანის მოწვევით გადმოვიდნენ კახიდან, თასმალოდან და სხვა ადგილებიდან. 1859 კამერალური აღწერის მიხედვით ა-ში იყო 83 კომლი, 1875 – 104 კომლი, 1886 – 120 – კომლი, ხოლო XX ს. 60-იანი წწ. მონაცემებით ა-ში ცხოვრობდა 220 კომლი (დაახლ. 1320 სული). ა. დასახლებულია ქრისტიანი ქართველებით. სოფლის ბოლოში, სამხრ.-აღმ-ით, ე. წ. ძვ. კალოს უბანში, დგას ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – წმ. ნინოს გუმბათოვანი ეკლესია, აგებულია ძვ. ეკლესიის ადგილზე „კავკასიაში ქრისტიანობის აღდგენის საზოგადოების“ თაოსნობით და თვით ადგილ. მოსახლეობის დიდი თანადგომით XIX ს. 50-იან წლებში. თავდაპირველად წერილობით ცნობებში იგი იხსენიება იოანე ნათლისმცემლის სახელით, შემდეგ (1877) გადააკეთეს და წმ. ნინოს სახელი უწოდეს. ეკლესია ნაგებია ნატეხი რიყის ქვით, ქართ. აგურით. გეგმას საფუძვლად უდევს ოთხკუთხედში მოქცეული ტოლმკლავა ჯვრის გამოსახულება, აღმ-ით შვიდწახნაგა აფსიდი აქვს, სამხრ-იდან – ოთხ სვეტზე დაყრდნობილი ნაგებობა – კარიბჭე. ასეთივე კარიბჭე ჰქონია ჩრ-იდან. მოგვიანებით ეკლესიას დას. მხრიდან მიაშენეს დარბაზი და სამრეკლო. 1991 ჩატარდა ძეგლის სარესტავრაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაო (არქიტ. ი. გამყრელიძე): გაუკეთეს გუმბათი, დარბაზი გადახურეს კამარით, დააგეს აგურის იატაკი, გადახურეს თუნუქის სახურავით და აკურთხეს. 1988 სოფელში დაიდგა ი. ჭავჭავაძის ძეგლი (ბრინჯაო, მოქანდაკე ბ. ავალიშვილი), აქ ყოველწლიურად ტრადიციულად იმართება ილიაობა. ა-ში მოქმედებს ალიბეგლოს ქართული სახალხო თეატრი.
წყარო: ზაქათალის წოდებრივ-საადგილმამულო მასალები (საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი), ფონდი 236.
ლიტ.: ა დ ა მ ი ა ი., ქართული ხალხური ხუროთმოძღვრება, წგ. 3 (საინგილო), თბ., 1979; პ ა პ უ ა შ ვ ი ლ ი თ., ჭარ-ბელაქანი, ისტორიული ნარკვევი, თბ., 1972.
თ. პაპუაშვილი
ი. გამყრელიძე