ალილო

ალილო, ქართული საწესო სიმღერა. სრულდებოდა შობის წინა ღამეს. შეიკრიბებოდა რამდენიმე კაცი (სულ მცირე 3, რადგან სიმღერა სამხმიანია), ჩამოუვლიდა ყოველ ოჯახს და სიმღერით დღესასწაულს მიულოცავდა. მასპინძელი მომღერლებს სანოვაგით ასაჩუქრებდა (აუცილებლად უნდა გამოეტანათ კვერცხი – სიცოცხლისა და ნაყოფიერების სიმბოლო). ა-ს ტექსტებში („ოცდახუთსა დეკემბერსა“, „ჩიტი ღობეზე შემოჯდა“, „წისქვილს პური დავარიგე“ და სხვ.) გამოთქმული იყო ჯანმრთელობის, ბედნიერებისა და ბარაქიანობის სურვილი. ა. მთელ საქართველოში იყო გავრცელებული და ყველა კუთხეში თავისებურად ასრულებდნენ. სიმღერას წარმართული ჰანგი უდევს საფუძვლად; „ალილო“, როგორც ჩანს, მოგვიანებით დაერქვა (ალილუიასაგან).

ვარაუდობენ, რომ საშობაო და სააღდგომო სიმღერების საერთო სახელწ. უნდა ყოფილიყო ჭონა.

XX ს-ის 90-იან წლებში საქართველოს პატრიარქის მიერ ა-ის ტრადიცია აღდგა.

ლიტ.: ქართული ხალხური სიტყვიერება (ქრესთომათია), შედგ. და გამოც. ქს. სიხარულიძის მიერ, თბ., 1970.

ქ. სიხარულიძე

თ. მამალაძე