ალილუევა (სტალინა, ჯუღაშვილი) სვეტლანა იოსების ასული (28. II. 1926, ლენინგრადი, სსრკ 91954) –22. XI. 2011, რიჩლენდი, უისკონსინი, აშშ), –პუბლიცისტი, მთარგმნელი, ფილოლოგი, ფილოლ. მეცნიერებათა კანდიდატი. იოსებ სტალინის ქალიშვილი.
საშ. განათლება მოსკოვში მიიღო და სწავლა მ. ლომონოსოვის სახ. უნივერსიტეტში გააგრძელა. შემდგომში დაამთავრა საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურა და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია რუსულ ფილოლოგიაში. დაბადებიდან ატარებდა სტალინის გვარს. 1956-67 წწ-ში მუშაობდა მსოფლიო ლიტერატურის ინსტიტუტში. 1967 მოსკოვში გარდაიცვალა ა-ს მესამე ქმარი, ინდოელი ჟურნალისტი. ა-მ მთავრობისაგან ქმრის დასაკრძალავად ინდოეთში წასვლის ნებართვა მიიღო, საიდანაც შვეიცარიის გავლით აშშ-ში წავიდა. მას ჩამოერთვა საბჭოთა მოქალაქეობა. ამერიკაში ა-მ გამოსცა თავისი პირველი წიგნი „ოცი წერილი მეგობარს“ (დაიწერა მოსკოვის ახლოს აგარაკზე 1963, გამოიცა 1967). მან დასავლეთში გამოსცა კიდევ რამდენიმე წიგნი: „მხოლოდ ერთი წელი“ (1970), „წიგნი შვილიშვილებისათვის. მოგზაურობა სამშობლოში“ (1991) და სხვ. წარმატება ხვდა მხოლოდ პირველ წიგნს, რ-იც ეპისტოლარულ-მემუარული ხასიათისაა და ბევრ საინტერესო ცნობას გვაწვდის როგორც ი. სტალინის მოღვაწეობაზე, ისე მისი ოჯახის წევრთა ცხოვრებაზე, თუმცა ამ ცნობებს ტენდენციურობის დაღი აზის.
1949 დაამთავრა მოსკოვის სახელმწ. უნივერსიტეტის ფაკ-ტი. 1984 წ. 10 ნოემბერს ა-მ ითხოვა სამშობლოში დაბრუნების ნებართვა და ნოემბრის ბოლოს უკვე მოსკოვში იყო. მას დაუბრუნეს საბჭოთა მოქალაქეობა და საცხოვრებლად მიუჩინეს ქ. თბილისი. მაგრამ ორი წელიც არ იყო გასული, რომ ა. უმცროს ქალიშვილთან ერთად კვლავ უცხოეთში წავიდა, ჯერ აშშ-ში ცხოვრობდა, შემდეგ ინგლისში.
კ. ცქიტიშვილი