ალილუევი სერგეი იაკობის ძე [25. IX (7. X). 1866, სოფ. რამონი, ნოვოხოპიორსკის მაზრა, ვორონეჟის გუბ., -– 27. VII. 1945, მოსკოვი], რევოლუციური მოძრაობის მონაწილე. კომპარტიის წევრი 1896-იდან. რუს. სამივე რევოლუციის აქტ. მონაწილე.
1890-იდან მუშაობდა ამიერკავკ. რკინიგზის თბილ. მთავარ სახელოსნოებში. აქტ. მონაწილეობას იღებდა თბილ. მუშათა საპირველმაისო დემონსტრაციაში (1901). რევ. მოღვაწეობას ეწეოდა აგრეთვე ბაქოში, მოსკოვში, დონის როსტოვში, რისთვისაც შვიდჯერ იყო დაპატიმრებული და ორჯერ გადასახლებული.
1907–18 მუშაობდა სანქტ-პეტერბურგში. (პეტროგრადში) მის ბინაში თავს აფარებდნენ ციხიდან და გადასახლებიდან გამოქცეული ბოლშევიკები, მ. შ. სტალინიც, რ-იც სწორედ ა-ის ოჯახში დაუახლოვდა მის ქალიშვილს ნადეჟდას და მოგვიანებით ცოლად შეირთო იგი. სამოქალაქო ომის წლებში ა. არალეგალურად მუშაობდა უკრაინასა და ყირიმში. 1921 იყო იალტის რევკომის წევრი, შემდეგ საპასუხისმგებლო თანამდებობები ეკავა მოსკოვში, ლენინგრადში, უკრაინაში.
თხზ.: пройденный путь, М., 1956; Незабываемое, წგ.: Лении в 1917 году. Воспоминания, М., 1967.
ლ. თოიძე