ალის განძი, ვერცხლის 471 მონეტისაგან შემდგარი განძი.
აღმოჩენილია 1925 ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. ალში; ძირითადად შეიცავს XIV ს., ჯუჩიდურ (ოქროს ურდოს) აგრეთვე აჰმედ ჯალაირისა და გიორგი VII-ის სახელით მოჭრილ ფულს. განძის ყველაზე ადრეული მონეტა 1310-ით თარიღდება, გვიანდელი – 1400–01. ა. გ-ის მონეტები მნიშვნელოვანი წყაროა ოქროს ურდოსა და საქართველოს შორის XIV ს-ში არსებულ პოლიტ.-ეკონ. ურთიერთობათა დასადგენად. ჯუჩიდური მონეტები საქართველოში ოქროს ურდოსთან უშუალო კონტაქტის შედეგად არის მოხვედრილი, ალბათ, დარიალის გზით. სოფ. ალში მონეტების ასეთი თავმოყრა გამოიწვია იმან, რომ ძველად აქ საბაჟო ყოფილა.
ლიტ.: დ უ ნ დ უ ა გ., სამონეტო მიმოქცევის საკითხისათვის XV საუკუნის საქართველოში, თბ., 1964; დ უ ნ დ უ ა გ., ჯ ა ლ ა ა ნ ი ა ი., ლ ო მ ო უ რ ი თ., საქართველოსა და ოქროს ურდოს შორის ურთიერთობის საკითხისათვის XIV ს. (ალის განძის ჯუჩიდური ფულები), თბ., 1946; ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი, თბ., 2009.
გ. დუნდუა