ალისუბნელი

ალისუბნელი (ნამდვ. სახელი და გვარი რაჟდენ ნიკოლოზის ძე ჩიკვაიძე) (1863–1890), პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი.

სწავლობდა ქუთ. გიმნაზიაში, შემდეგ ხარკოვის უნ-ტში, რ-ის კურსი არ დაუმთავრებია. თანამშრომლობდა გაზეთებში „დროებასა“ და „თეატრში“. დაბეჭდილი აქვს სერია წერილებისა „ხმა ქუთაისიდამ“ – ეკონ., კულტ. და საზ. ცხოვრების მიმოხილვანი. „თეატრში“ ბეჭდავდა კრიტ. წერილებს („ჩვენ ლიტერატურაზედ“, „ჩვენ პუბლიცისტთა მიმართ“). აქვეყნებდა პოეტურ და პროზაულ ნაწარმოებებსაც. მისი ლირიკა საზ.-პუბლიც. ხასიათისაა. თემებითა და მოტივებით ძლიერ ჰგავს ა. წერეთლის ლიტ. სკოლის წარმომადგენელთა შემოქმედებას. ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობას. თარგმნა ჯ. ბაირონის („მოგონება“, „ებრაული მელოდია“), ფ. შილერის („სამშობლოს გმირნი“, „მეფანდურის ქალი“), მ. ლერმონტოვის („სიმღერა გლადიატორთა“) თხზულებები. მასვე ეკუთვნის გამოხმაურება ე. ბოსლეველის მკვლელობაზე.

ს. ხუციშვილი