ალო

1. ერთი დღის სახნავი მიწა, რ-იც გარკვეული დროის განმავლობაში რიგრიგობით უნდა მოეხნა დროებით ამხანაგობას (იხ. მოდგამი) გუთნეულში მონაწილე გუთნისდედისა და მეხრეთა შრომის, გამწევი ძალისა და ინვენტარის საფასურად. ქართ. წყაროებში გუთნეულის „გადაბმით“ მუშაობის მთელ ციკლს – ალოვნობა, ალოობა ეწოდება. საქართვ. ბარში ა-ს მოდგამის წევრთა შორის სხვადასხვაგვარად ანაწილებდნენ.

სარგოს საერთო რაოდენობა საგაზაფხულო ხვნაში 23–25 ა. იყო, საანეულო ხვნაში – 41 ა. აღმ. საქართველოში საგაზაფხულო ხვნის დროს გუთნისდედას 2 დღიურ მიწას – 2 ა-ს უხნავდნენ შრომის საფასურად, ღამის მეხრეს - 2, დღის მეხრეს – 1, სახნის-საკვეთლისა და გუთნის პატრონს – 2, ღვედებისა და ჯამბარა-აპეურების პატრონს – 3 ა-ს, უღელი ხარის პატრონს – 1 ა-ს.

2. საქართვ. მთიანეთის ზოგიერთ მხარეში ერთი სახვნელი უღლის სიგანის მიწა, რ-ის მოხვნის შემდეგ ხარებს ასვენებდნენ.

3. შესაფერი დრო, სეზონი (მაგ., კახეთში – პურეულის მოსავლის აღების პერიოდი, იმერეთში – დღის რომელიმე მონაკვეთი, მაგ., სადილობის ა.).

ლიტ.: გ უ გ უ შ ვ ი ლ ი  პ., საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX–XX სს., ტ. 3, თბ., 1959; მ ე ნ თ ე შ ა შ ვ ი ლ ი  ს., ქიზიყური ლექსიკონი, ვ. თოფურიას რედ., თბ., 1943; ქართული დიალექტოლოგია, [ტ.] 1, თბ., 1961; ჩ ი ტ ა ი ა  გ., ეთნოგრაფიული მოგზაურობიდან აღბულაღის რაიონში, «საქართველოს მუზეუმის მოამბე», 1928, ტ. 4; Свод материалов по изучению экономического быта государственных крестьян Закавказского края, т. 4, Тфл., 1888.

გ. ჯალაბაძე