ალტერირებული კილოები

ალტერირებული კილოები, ბგერათრიგები, რ-თა ერთ-ერთი (ან რამდენიმე) საფეხური წარმოდგენილია ორგვარი (დაბალი და მაღალი) სახით (მაგ., დო, რე-ბემოლი, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი, დო).

ა. კ. მიიღება დიატონური ბგერათრიგის (იხ. დიატონიკა) ცალკეული საფეხურების დაყოფის შედეგად. პროფ. მუსიკაში ვხვდებით როგორც ალტერირებულ, ისე ქრომატულ კილოებს. ხალხ. მუსიკაში ა. კ. ძალზე იშვიათია. ქართ. ხალხ. მუსიკაში ვხვდებით ა. კ-ს (ძირითადად ერთხმიან შრომის სიმღერებში – ოროველებსა და ურმულებში), სადაც ორგვარი სახითაა წარმოდგენილი უმთავრესად კილოს მეორე საფეხური. ბგერებს შორის სიმაღლებრივი განსხვავება ა. კ-ში მხოლოდ ერთი რეგისტრის ფარგლებში ვლინდება, რადგან ქართ. კილოური სისტემების არაოქტავურობის გამო (იხ. მონოტონიკური კილოები), სხვადასხვა რეგისტრის ერთი და იმავე დასახელების ბგერებს (მაგ., მცირე და პირველი ოქტავის დო) სხვადასხვა ფუნქცია აქვს.

ლიტ.: ჟ ო რ დ ა ნ ი ა  მ., ალტერაციული კილო ქართულ ხალხურ მუსიკაში, «საბჭოთა ხელოვნება», 1979, № 5.

ი. ჟორდანია