ალფენიძე ვლადიმერ ტარასის ძე (ფსევდ. ლადო ბახტრიონელი) (3. III. 1937, სოფ. ოტობაია, გალის ახლანდ. მუნიციპალიტეტი, – 2002, თბილისი), ჟურნალისტი, მწერალი. საქართვ. დამს. ჟურნალისტი (1981).
დაამთავრა მოსკ. მ. ლომონოსოვის სახ. სახელმწ. უნ-ტის ჟურნალისტიკის ფაკ-ტი. სხვადასხვა დროს გალის რაიონული გაზეთის ლიტ. მუშაკი, გაზ. „კომუნისტის“ მთავარი რედაქტორის თანაშემწე, პარტიის თბილ. საქალაქო და ცკ-ის პირველი მდივნის თანაშემწე. 1986–89 იყო საქართვ. მეცნ., ლიტ-რისა და ხელოვნ. მუშაკთა საავტორო უფლებების რესპ. სააგენტოს ხელმძღვანელი, სახელმწიფოს მეთაურის აპარატის მთავარი სახელმწ. მრჩეველი. პირველი პოეტური ნაწარმოები „საახალწლო ზღაპარი“ 1954 გამოაქვეყნა, პირველი წიგნი, ლექსების კრებ. „მთები და სიჭაბუკე“ – 1963. მისი მხატვრ. ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია მოთხრობების კრებ. „ოცდაცამეტი მზის სახოვანი ბრძენი იაკობი“ (1976; ი. გოგებაშვილის პრემია, 1977), რომანები „ცურტავის ზარები“ (1978), „სიყვარული და უკვდავება“ (ტრილოგია, „დუელი მგლის ველზე“, 1980; „მწვერვალები და უფსკრულები“, 1981; „სიკვდილი ქრისტეს ასაკში“, 1982), რომანების, მოთხრობებისა და ლექსების კრებ. „საწუთრო“ (1988), პუბლიც. წიგნები „პორტუგალიური დღიურები“ (1979), „ბრაზილიური დიალოგები“ (1980).
ა-ის ნაწარმოებები თარგმნილია უცხოურ ენებზე.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.