ალღუმი

ალღუმი, მეზობელ კომლთა სამეურნეო გაერთიანება (ამხანაგობა) ფშავ-ხევსურეთის ზოგიერთ თემში ძველად.

სათემო თუ სასოფლო სახნავ-სათესი მიწები, სათიბები და ტყე ა-ებს შორის თანაბრად ნაწილდებოდა. ასევე თანაბრად ანაწილებდნენ საალღუმო მიწის ნაკვეთებს კომლებზე. ა-ში გაერთ. კომლთა რაოდენობა იცვლებოდა, მაგრამ, ჩვეულებრივ, მიწისა და ტყის ხელახალი განაწილებისას ცდილობდნენ თითოეულ ა-ში კომლთა თანაბარი რაოდენობა ყოფილიყო. მაგ., 1885 სოფ. ღულის (ხევსურეთი) 30 კომლი ოთხ ა-ად იყოფოდა: მათგან ორში რვა-რვა კომლი შედიოდა, ორშიც – შვიდ-შვიდი. ზოგიერთი ა. 10–12 კომლსაც აერთიანებდა. ა-ებად დაყოფა სათემო და სასოფლო საქმეების უკეთესი ორგანიზაციის მოხერხებული საშუალება იყო.

ლიტ.: ჯ ა ლ ა ბ ა ძ ე  გ., მიწათმოქმედება ფშავ-ხევსურეთში, თბ., 1963; Материалы для изучения экономического быта государственных крестьян Закавказского края, т. 5, ч. 1, Тфл., 1887; Х а р а д з е  Р. Л., Грузинская семейная обшина. [т.] 2, Тб., 1961.

გ. ჯალაბაძე