ამაღლება, ქრისტიანული დღესასწაული აღდგომის მეორმოცე დღეს.
იმართება ქრისტეს ზეცად ამაღლების აღსანიშნავად. ქრისტე მკვდრეთით აღდგომის შემდეგ გამოეცხადებოდა ხოლმე თავის მოწაფეებს, ესაუბრებოდა მათ ღვთის სასუფეველზე და მოუწოდებდა დარჩენილიყვნენ იერუსალიმში სულიწმიდის მოფენამდე. აღდგომის მეორმოცე დღეს ქრისტე მოწაფეთა თვალწინ ამაღლდა ზეცად. ა-ის დღესასწაული IV–V სს-ში საყოველთაო გახდა ქრისტ. ეკლესიისათვის, იხსენიება ეკლესიის მამებთან (გრიგოლ ნოსელი, იოანე ოქროპირი და სხვ.). დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა ა-ის რიტუალური წესები, რ-თაგან ზოგი იოანე დამასკელს მიეკუთვნება. ქართ. საეკლ. მხატვრობაში ქრისტეს ა-ის მხატვრული კომპოზიცია კარგადაა შემონახული დავითგარეჯის უდაბნოს მონასტრის ამაღლების ეკლესიაში (X ს.), ზემო კრიხის (ამბროლაურის მუნიციპ.) ეკლესიაში (XI ს.) და სხვ.
საქართვ. მთიან რ-ნებში ა. ემთხვევა დიდ დღეობას, რ-იც საქონლის სოფლიდან ალპ. საძოვრებზე გადარეკვასთანაა დაკავშირებული. ა-ის დღესასწაულზე ფშავ-ხევსურეთის, თუშეთის, მთიულეთ-გუდამაყრის, ჯავახეთისა და საქართვ. სხვა მხარეთა სოფლების მცხოვრებლებს წარმართულ სალოცავებში შესაწირი მიჰქონდათ და შესთხოვდენენ ადამიანისა და ოჯახის კეთილდღეობას, საქონლის გამრავლებას, ბარაქიანობასა და სხვ.
მ. მაკალათია
ა. სოხაძე