ამბოკაძე ედუარდ მიხეილის ძე (10. VII. 1935, სოფ. მოხისი, ახლანდ. ქარელის მუნიციპალიტეტი), ფერმწერი, გრაფიკოსი.
დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1961). მისი პედაგოგები იყვნენ ს. ქობულაძე, კ. სანაძე. სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობს 1962-იდან. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა თბილ. სამხატვრო აკადემიაში (1963-იდან). ა. ძირითადად პეიზაჟისტია, ქმნის საქართვ. ბუნების ამსახველ სურათებს. ნამუშევრები: „სვეტიცხოველი“ (1959), სერია „თუშეთი“ (1971, 1992), „ქსნის ციხის მიდამოები“ (1977, ყველა საქართვ. სურათების გალერეა, თბილისი). ა. ავტორია ისტ. და თანამედროვე თემებზე შექმნილი სურათებისა: „წინაპართა მახვილი“ (1967), „მესაზღვრეები“ (1964), „ქართული ნავთი“ (1976), „სარკმელი“, „გაფრენა“ (1987), „სალოცავისკენ“ (1988, ყველა ავტორის კუთვნილება). მოღვაწეობს როგორც მხატვარ-ილუსტრატორი 1958-იდან ჟურნ. „პიონერში“ (ახლანდ. „ნაკადული“), ხოლო 1962-იდან ჟურნ. „დილასა“ და გამომც. „ნაკადულში“; გაფორმებული აქვს ი. გოგებაშვილის, ვაჟა-ფშაველას, ი. ევდოშვილის და სხვა ნაწარმოებები, ქართ. ხალხ. ზღაპრები („ნაცარქექია“, „ცეროდენა“) და მულტიპლიკაციური ფილმები.