ამბროლაურის განძი, ვერცხლის ნივთებისა და მონეტების შერეული განძი, აღმოჩენილი 1909 ამბროლაურის მახლობლად. შედგებოდა ვერცხლის სურის, ფიალის, 7 ბალთის, 2 ზოდის და 2287 მონეტისაგან, რ-თაგანაც 948 დიდი ზომისა ყოფილა, 124 – საშუალო, ხოლო 1215 – წვრილი. ა. გ-ის შემადგენლობიდან 1 ბალთა და 15 მონეტა მოხვდა სანქტ-პეტერბურგის სახელმწ. ერმიტაჟში, 16 მონეტა – საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. სახელმწ. მუზეუმში და 1 მონეტა – აზერბაიჯანის ისტ. მუზეუმში, დანარჩენი - დაკარგულია.
მუზეუმებში მოხვედრილი 32 მონეტიდან 5 ცალი XIII–XV სს. კირმანეულია (ყველა გახვრეტილია; მათი მასა მერყეობს 1,07–2,23 გ-ს შორის) 13-თამაზ I სეფიანის (1524–76) დროინდელი ბისთი (მასა 0,65 – 0,93 გ), ხოლო 14 – აბას I-ის (1587–1629) სახელით თავრიზში (1 ც.), თბილისსა (1 ც.) და ძეგამში (12 ც.) მოჭრილი აბაზი (მასა 7,57–7,78 გ). ა. გ. დაფლულია XVII ს. დასაწყისში და ასახავს იმდროინდელი საქართვ. სამონეტო მიმოქცევის სურათს. გამოთქმულია მოსაზრება (ე. პახომოვი, თ. ლომოური), რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. სახელმწ. მუზეუმში დაცული ე. წ. რაჭისა და „უპასპორტო“ განძები ა. გ-ის ნაწილი უნდა იყოს.
ლიტ.: Д о б р о в о л ь с к и й И. Г., Клад из села Амбролаури в собрании Государственного Эрмитажа, წგ.: Нумизматический сборник. Посвящается памяти Д. Г. Капанадзе, Тб., 1977; К у т е л и я Т. С., Грузия и Суфевидский Иран, Тб., 1979.
თ. ქუთელია