ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის მთავარი სახელოსნოები, ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი სამრეწველო საწარმო XIX ს. თბილისსა და მთელ ამიერკავკასიაში.
1883 საწარმო ხაშურიდან (ყოფ. მიხაილოვო) თბილისში გადმოიტანეს. ძირითადი საამქროები იყო ორთქლმავალამწყობი, საქვაბე, სახარატე-მექან., სამჭედლო და სამსხმელო; 1887 მათ დაემატა სავაგონო, სამღებრო და ხის დასამუშავებელი საწარმოები. 1910 აქ დასაქმებული იყო 3500 მუშა (თბილ. მუშათა 17,5%). საწარმო ამიერკავკ. რევ. მოძრაობის ერთ-ერთი ცენტრი იყო (1886). მუშათა პირველ გაფიცვას მოჰყვა 1887 და 1889 წწ. გაფიცვები. პირველი ს.-დ. წრე შეიქმნა 1892. 1891–92 აქ მუშაობდა მ. გორკი.
1898–1901 ს.-დ. მუშათა წრეებს ხელმძღვანელობდა ი. სტალინი. 1900 ა. რ. თ. მ. ს-ისა და დეპოს მუშათა გაფიცვამ, რ-იც 15 დღეს გაგრძელდა, დიდი გამოხმაურება პოვა მეფის რუსეთში. 1928 მთავარი სახელოსნოები გადაკეთდა ორთქლმავალვაგონშემკეთებელ ქ-ნად, რ-შიც XX ს-ის 20-იანი წლებიდან მოყოლებული რამდენიმეჯერ ჩატარდა რეკონსტრუქცია.
1970 მის ბაზაზე შეიქმნა „თბილისის ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანა“, ხოლო 1999 ჩამოყალიბდა სააქციო საზ-ბად და ეწოდა „ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანა“.
ს. სოსელია
ლ. აბრამიშვილი