ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი, საერთო-საჯარისო ტერიტორიული გაერთიანება (მის ფარგლებში შედიოდა საქართვ., აზერბ. და სომხ. ტერიტორიები).
ჩამოყალიბდა 1935, ოლქის სამმართველო თბილისში იყო. მისი უშუალო წინამორბედი იყო ჩრდ. კავკასიაში მოქმედი მე-11 არმიის ბაზაზე ჩამოყალიბებული კავკასიის ცალკე არმია.
II მსოფლიო ომის (1939–45) დროს სსრკ-ის ომში ჩაბმის შემდეგ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარებს დაეკისრა შავი ზღვის სანაპიროებისა და შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე სსრკ სახელმწ. საზღვრების დაცვა. ჯარების ნაწილი იცავდა ირანის ნავსადგურებიდან სსრკ საზღვრებამდე არსებულ დიდმნიშვნელოვან კომუნიკაციებს. 1941 აგვ-ში ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი ამიერკავკ. (30 დეკ-იდან – კავკასიის) ფრონტად გარდაიქმნა. 1942 იანვ-ში ყირიმისა და ამიერკავკ. ფრონტებად გაიყო. 1942 მაისში ა. ს. ო-ის ბაზაზე ამიერკავკ. ფრონტი შეიქმნა. ომის დამთავრების შემდეგ, 1945 აგვ., ა. ს. ო-ის ბაზაზე თბილისისა და ბაქოს სამხ. ოლქები ჩამოყალიბდა, რ-ებიც 1946 მაისში კვლავ ა. ს. ო-ად გაერთიანდნენ. 1967 სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, მემკვიდრეობის წესით, ოლქს გადაეცა კავკასიის ცალკე არმიის წითელი დროშის ორდენი და ამიერიდან ა. ს. ო-ს წითელდროშოვანი ეწოდა. ოლქს სხვადასხვა დროს სარდლობდნენ კომანდარმი მ. კ. ლევანდოვსკი, კომკორი ნ. ვ. კუიბიშევი, საბჭოთა კავშირის მარშალი ა. ი. ეგოროვი, არმიის გენერალი ი. ვ. ტიულენევი, საბჭოთა კავშირის მარშალი თ. ი. ტოლბუხინი, არმიის გენერალი ა. ი. ანტონოვი, არმიის გენერალი ი. ი. ფედიუნინსკი, საბჭოთა კავშირის მარშალი კ. კ. როკოსოვსკი, არმიის გენერალი ი. ი. კურკოტკინი, გენ.-პოლკ. ი. ნ. როდიონოვი, გენ.-პოლკ. ვ. პატრიკეევი და სხვები. ა. ს. ო-ის ჯარები დამსჯელი აქციებისთვის გამოიყენეს 1956 წ. 9 მარტს (იხ. ცხრა მარტი 1956) და 1989 წ. 9 აპრილს (იხ. ცხრა აპრილი 1989), როცა ა. ს. ო-ის შემადგენლობაში შემავალმა შენაერთებმა არმიის გენერალ ი. ფედიუნინსკისა და გენერალ-პოლკოვნიკ ი. როდიონოვის მეთაურობით მონაწილეობა მიიღეს ქართველი ახალგაზრდობის მშვიდობიანი მიტინგების დარბევაში, რასაც მოჰყვა მსხვერპლი. საბჭ. იმპერიის დაშლის შემდეგ ა. ს. ო-ის ჯარები რუსეთის ფედერაციის დაქვემდებარებაში გადავიდნენ. ა. ს. ო. 1993 წ. 1 იანვრიდან გარდაიქმნა ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების ჯგუფად. 2005 ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართვ. ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანის შესახებ.
2007 ნოემბ. რუსეთის ჯარმა და სამხ. ტექნიკამ სრულად დატოვა საქართვ. ტერიტორია.
ივ. შაიშმელაშვილი