ამიერკავკასიის სეიმი, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო ამიერკავკასიაში.
მოიწვია ამიერკავკასიის კომისარიატმა 1918 წ. 10 (23) თებ. თბილისში. მისი მთავარი დანიშნულება იყო იურიდიულად გაეფორმებინა ამიერკავკასიის გამოყოფა საბჭ. რუსეთისაგან. ა. ს-ში შევიდნენ დამფუძნებელი კრების დეპუტატები: 24 მენშევიკი, 24 დაშნაკი, 30 მუსავატელი, 4 მენშევიკ-ჰუმეთისტი, 3 რუსეთის მაჰმადიანთა „სოციალისტური“ ბლოკის წარმომადგენელი, 3 სოციალისტ-ფედერალისტი, 5 ესერი და 2 კადეტი. ა. ს-მა თავი საკანონმდებლო ორგანოდ გამოაცხადა და 1918 მარტში მიიღო გადაწყვეტილება ამიერკავკასიის საბჭ. რუსეთისაგან გამოყოფისა, ხოლო 9 (22) აპრ. – დადგენილება ამიერკავკასიის დამოუკიდებელი ფედერაციული რესპუბლიკის შექმნის შესახებ და ჩამოაყალიბა მთავრობის კაბინეტი ა. ჩხენკელის მეთაურობით.
ფედერაციის არსებობა ხანმოკლე გამოდგა. იგი სამ რესპუბლიკად (აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო) დაიშალა.
1918 წ. 26 მაისს ა. ს-მა თავი გაუქმებულად გამოაცხადა.
ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 6, თბ. 1972; ს უ რ გ უ ლ ა ძ ე ა., ნარკვევები რევოლუციური მოძრაობის ისტორიიდან საქართველოში (1917–1921), თბ., 1954.
ა. სურგულაძე