ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტი

ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტი, ინტერნატის ტიპის 3-კლასიანი (6 განყ-ბა, თითოეულ კლასში სწავლების ვადა – ორი წელი) სასწავლებელი არისტოკრატიული წარმოშობის ქალიშვილებისათვის.

დაარსდა თბილისში 1840 „მცირეწლოვან ქალთა პანსიონის“ (1830) ბაზაზე. ინ-ტი გათვალისწინებული იყო 80 ქალიშვილისათვის, რ-თაგან 60 სახელმწ. ხარჯზე იყო, სწავლობდნენ საღვთო რჯულს, რუს. ენასა და სიტყვიერებას, ბუნებისმეტყველებას, ისტორიას, გეოგრაფიას, არითმეტიკას, ხატვას, ხელსაქმეს, მუსიკასა და ცეკვას. სწავლება რუს. ენაზე იყო. 1917–18 სასწ. წ. ერთი კლასი დაემატა, იმავე წელს სასწავლებელი დაიხურა. შენობა, რ-შიც იყო ა. ქ. ი., აშენებულია XIX ს-ში პროფ. რ. გედიკეს პროექტით (1894; შენობა თავდაპირველი პროექტისაგან განსხვავდება). შეულესავი წითელი აგურის შენობის ფასადის შუა შვერილ ნაწილში თავმოყრილი მორთულობის ელემენტები, პორტალისა და მისი მიმდებარე სარკმლების საპირეებში გამოყენებული წნულის სახეები, რ-ებიც მაშინ ბიზანტ.-რომანულ-ქართულად შეიძლება აღქმულიყო, ვერ ჩაითვლება ეროვნ. ხელოვნ. თავისებურებათა გაგებისა და რეპროდუქციის ცდად. 1921-ის შემდეგ ამ შენობაში სხვადასხვა დროს იყო ამიერკავკ. კომუნისტური უნ-ტი, უმაღლესი პარტ. კურსები, აღმოსავლეთმცოდნეობისა და კიბერნეტიკის ინ-ტები, სამეცნ.-ტექ. საზ-ბათა გამგეობა, სახ. მეურნ. მართვის ინ-ტი. 1991-იდან ამ შენობაშია საქართვ. რესპ. საგარეო საქმეთა სამინისტრო.

დ. გურგენიძე