ამილახვარი ანდუყაფარ გივის ძე (გ. 1626), ქართლის მსხვილი ფეოდალი, ირანული ორიენტაციის ფეოდალთა მეთაური, თავადური რეაქციის ტიპობრივი წარმომადგენელი XVII ს. I მეოთხედის ქართლში.
ირანის წინააღმდეგ გიორგი სააკაძის მეთაურობით მოწყობილი აჯანყების დროს (1625) ქართველებმა შეიპყრეს და არშის ციხეში დაამწყვდიეს. მარაბდის ბრძოლაში გამარჯვებულმა ირანელებმა ა. გაათავისუფლეს პატიმრობისაგან და დაუბრუნეს თავისი მამული. ამის შემდეგაც ა. ზედიზედ აწყობდა ლაშქრობებს მეზობელი ფეოდალების წინააღმდეგ, ამოწყვიტა ღაზნელთა საგვარეულო, ააოხრა მცხეთა და გაძარცვა ეკლესია-მონასტრები. ა-ის დაღუპვის შემდეგ მტრებმა ამოუწყვიტეს ოჯახი.
ლ. ტუხაშვილი