ამილახვარი გივი ანდუყაფარის ძე (1689–1754 ან 57), ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე. საამილახვროს უფროსი, ზემო ქართლის სადროშოს სარდალი და გორის მოურავი.
პოლიტ. ასპარეზზე ჩანს 1722-იდან. „ოსმალობის“ დროს (1723–35) ებრძოდა თურქებს, თუმცა ხშირად მიდიოდა კომპრომისზეც. 1726, როცა თურქებმა გადაწყვიტეს სიონის მეჩეთად გადაკეთება, ა-მა შეძლო სიონის გადარჩენა. 1727 მეფე იესეს გარდაცვალების შემდეგ თურქებმა ქართლი რამდენიმე საგამგეო ერთეულად (სანჯაყად) დაყვეს. ა. დაინიშნა ზემო ქართლის სანჯაყის გამგებლად. თურქებთან ერთად იბრძოდა მოთარეშე ლეკ ფეოდალთა წინააღმდეგ; იძულებული იყო მონაწილეობა მიეღო თურქების ექსპედიციებში კახელთა წინააღმდეგ. ამ ბრძოლებში იგი ფარულად ეხმარებოდა აჯანყებულ კახელებს. თამაზ-ყული-ხანის (შემდეგში ნადირ-შაჰი) სამხრ. კავკასიაში მოსვლის შემდეგ (1734) ა-მა ყიზილბაშებთან ერთად დაიწყო ბრძოლა თურქების წინააღმდეგ. 1735 მოულოდნელი დარტყმით აიღო გორი. ქართველთა ბრძოლა თურქთა წინააღმდეგ ხელს უწყობდა ირანელთა წარმატებებს, მაგრამ ნადირ-შაჰს არ მოსწონდა, რომ ქართველებში ფეხს იკიდებდა ქრისტ. საქართველოს აღდგენის იდეა. ამიტომაც ნადირ-შაჰმა ა. სხვა ქართვ. პატრიოტებთან ერთად (თეიმურაზ II, აბელ ანდრონიკაშვილი, მამუკა მუხრანბატონი, ქაიხოსრო ავალიშვილი, ვახუშტი აბაშიძე) დააპატიმრა. თბილისის დაკავების შემდეგ ირანელებმა აღმ. საქართვ. მმართველად დანიშნეს ალექსანდრე დავითის ძე (ალი-მირზა). დამყარდა „ყიზილბაშობა“. მალე დატყვევებულმა ქართველებმა მოახერხეს გაქცევა და დაიწყეს ბრძოლა ირანელთა წინააღმდეგ. 1736 ა. იძულებული გახდა ნადირ-შაჰს შერიგებოდა. ირანმა მძიმე გადასახადები დააკისრა ქართლს. ამან ქართლში აჯანყება გამოიწვია. ა. შანშე ქსნის ერისთავთან და ვახუშტი აბაშიძესთან ერთად სათავეში ჩაუდგა აჯანყებას. აჯანყებულთა წინააღმდეგ იბრძოდა სეფი-ხანი ირან.-აზერბ. ლაშქრით. მალე ირანელებმა მოტყუებით ჩაიგდეს ხელში ა., შანშე ქსნის ერისთავი განაგრძობდა ბრძოლას.
1737 ნადირ-შაჰმა ქართლი აბდულა-ბეგს გადასცა, კახეთი – ალექსანდრე დავითის ძეს, ხოლო ა. და სხვა დაპატიმრებული ქართვ. პატრიოტები თან წაიყვანა ავღანეთის ლაშქრობაში. ქართველებმა ამ ლაშქრობაში თავი გამოიჩინეს. შაჰმა გადაწყვიტა ისინი სამშობლოში დაებრუნებინა და შანშე ერისთავის წინააღმდეგ გამოეყენებინა. ამ დროისათვის შანშე ერისთავის ბრძოლის მეთოდები (დაღესტნელთა გამოყენება) მიუღებელი გახდა ქართველებისათვის. ირანელებმა ადვილად დაიმორჩილეს ქსნის საერისთავო და ა-ს გადასცეს. 1741 ა. შაჰმა ქართლის ვექილად (გამგებლად) დანიშნა, დაუმტკიცა ამილახორობა და ქსნის ერისთავობა. ა. მონაწილეობდა ნადირ-შაჰის დაღესტნის ლაშქრობაში, მაგრამ მისი „ირანოფილური“ პოლიტიკა დიდხანს არ გაგრძელებულა. შაჰმა ქართლ-კახეთს მძიმე გადასახადები შეაწერა, რამაც ქართველების უკმაყოფილება გამოიწვია. მეორე მხრივ, ა. უკმაყოფილო იყო ქართლში ბაგრატიონთა კახური შტოს (თეიმურაზ II) დაწინაურებით და მხარს უჭერდა ბაქარ ვახტანგის ძეს, რ-იც ამ დროს ჩრდ. კავკასიაში იყო და ქართლში შემოსვლას აპირებდა.
1742 ა. სათავეში ჩაუდგა ქართლის აჯანყებას ირანელების წინააღმდეგ (იხ. ქართლის აჯანყება 1742–45). 1744 აჩაბეთის ბრძოლაში ა. დამარცხდა და 1745 იძულებული გახდა დანებებოდა თეიმურაზ II-ს. დამარცხებული ა. ისპაჰანში გაგზავნეს. აქ ის ფორმალურად გამაჰმადიანდა, მიიღო შაჰ-ყული-ხანის სახელი და ირან. გვარდიის უფროსი (ყულარაღასი) გახდა. 1747 ნადირ-შაჰმა გადაწყვიტა დაესაჯა „ურჩი“ თეიმურაზ II და ერეკლე II და ა-ს დაავალა 30 ათ. კაცით საქართველოში შეჭრილიყო.
ამ განზრახვას ხელი შეუშალა შაჰის სიკვდილმა. 1749 ა-მა შემოიკრიბა ირანში მყოფი ქართველები, შეაიარაღა და ხმლით გაიკაფა გზა საქართველოსაკენ. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ა-მა არაერთი დანგრეული ციხე და ეკლესია აღადგინა ქართლში, იმერეთსა და მესხეთში, დიდი ფინანს., მორალური და სამხ. დახმარება გაუწია თეიმურაზ II-სა და ერეკლე II-ს.
ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., საქართველო XVIII საუკუნეში, წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 2, თბ., 1965; გ ვ რ ი ტ ი შ ვ ი ლ ი დ., ქართველი ხალხის ბრძოლის ისტორიიდან თურქი და სპარსი დამპყრობლების წინააღმდეგ XVIII ს. პირველ ნახევარში (გივი ამილახვრის აჯანყება), «მიმომხილველი», 1953, [ტ.] 3; ქ ი ქ ო ძ ე გ., ერეკლე მეორე, თბ., 1958.
ლ. ტუხაშვილი