ამილახვარი დიმიტრი გიორგის ძე

დ. ამილახვარი 

ამილახვარი დიმიტრი გიორგის ძე (1906, სოფ. ბაზორკინო, თერგის ოლქი, ახლანდ. ჩერმენი, ჩრდ. ოსეთი, – 24. X. 1942, ელ-ალამაინი, ჩრდ. ეგვიპტე), საფრანგეთის არმიის ოფიცერი, წარმოშობით ქართველი, დაბადების ადგილის მიხედვით „ბაზორკად“ წოდებული.

14 წლამდე იზრდებოდა საქართველოში, შემდეგ ოჯახთან ერთად გადასახლდა უცხოეთში, 1922-იდან ცხოვრობდა პარიზში. სწავლობდა სენ-სირის სამხ. სასწავლებელში (1924–26), რ-ის დასრულების შემდეგ მსახურობდა ჩრდ. აფრიკაში საფრ. უცხ. ლეგიონში. II მსოფლიო ომის დასაწყისში ა. ჩაირიცხა სიდი-ბელ-აბესში (ალჟირი) შექმნილი უცხ. ლეგიონის XIII ნახევარბრიგადაში (1940 თებ.). თავი ისახელა ნარვიკის ბრძოლაში (1940 მაის–ვივნ. დამდეგი). ჰიტლერული ოკუპაციის დროს ლეგიონი ჩრდ. საფრანგეთიდან ინგლისში გადავიდა, სადაც შეადგინა თავისუფალი საფრ. ძალების პირველი ბირთვი. ა. მონაწილეობდა ერიტრეის კამპანიაში, განსაკუთრებით ისახელა თავი ქ. მასაუის აღებისას, სადაც მოულოდნელი შეტევით ხელთ იგდო იტალიელთა რამდენიმე საესკადრო ნაღმოსანი და მრავალი ტყვე (1941 წ. 7 აპრ.).

ა-მა მონაწილეობა მიიღო სირიის კამპანიაში, ქ. დამასკის აღებაში. ვიშის მთავრობამ მას სიკვდილი მიუსაჯა. ა-მა მიიღო ლეიტენანტ-კოლონელის წოდება და დაინიშნა უცხ. ლეგიონის ნახევარბრიგადის მეთაურად, მისმა ნაწილმა გენ. კენიგის ბრიგადის შემადგენლობაში გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწია გენ. ე. რომელის არმიას „უდაბნოს ვერდენად“ წოდებულ 16-დღიან ბირ-ჰაკეიმის ბრძოლაში (1942 წ. 26 მაისი – 10 ივნ.).

1942 ა. დააჯილდოვეს „განთავისუფლების ჯვრით“.

გმირულად დაიღუპა ელ-ალამაინის ბრძოლაში. სიკვდილის შემდეგ მას საპატიო ლეგიონის კავალრის უმაღლესი წოდება მიენიჭა. დაკრძალულია ლიბიის უდაბნოში.

1956 ა-ის სახელი მიენიჭა სენ-სირის სამხ. სასწავლებლის 143-ე გამოშვებას.

ლიტ.: R e y e r  G., L′homme qui a étonné la legion, «Paris Match», 1956, 18 févr., № 358; Т а б а г у а  И., М е н а б д е  Э., Он сражался за свободу, «Молодёжь грузии», 1970, 10 марта.

გ. ჟორდანია