ამილახვარი ევგენი ვახტანგის ძე (1720–11. XII. 1786), მოსკოვის ქართული ახალშენის მოღვაწე.
დაიბადა საქართველოში. ვახტანგ VI-ის ემიგრაციაში წასვლის დროს წაიყვანეს რუსეთში. იმპ. ანა იოანეს ასულის ბრძანებულებით (1738) სხვა ქართვ. თავადებთან ერთად ა-მა მამულები მიიღო უკრაინაში. შევიდა რუს. სამხ. სამსახურში. მიიღო მაიორის ჩინი. შემდეგ სამოქალაქო სამსახურში გააგრძელა მოღვაწეობა. იყო პეტერბ. საგუბერნიო კანცელარიაში გუბერნატორის თანაშემწე, 1753-იდან – მსაჯული, შემდეგ – სამოქალაქო სასამართლოს პრეზიდენტი. განსაკუთრებული წვლილი შეჰქონდა მოსკ. ქართ. ახალშენის საქმიანობაში, რუს.-საქართვ. ურთიერთობის განვითარებაში.
დაკრძალულია მოსკოვში, დონის მონასტერში, უფლის მირქმის ტაძრის გალერეაში.
ფ. სიხარულიძე