ამილახვარი იასე (გ. 30. IX. 1787), ქართლ-კახეთის სამეფოს სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, მსხვილი ფეოდალი. გივი ამილახვრის ბიძაშვილი.
ცოლად ჰყავდა მეფე იესეს ასული ხორეშანი. მიუხედავად ამისა, მხარს უჭერდა ერეკლე II-ს თავისი ცოლისძმის აბდულა-ბეგის წინააღმდეგ ბრძოლაში. ერთგულებისათვის ერეკლე II-მ მამულები უბოძა კახეთში. 1754, თამაზ ანდრონიკაშვილის გადაყენების შემდეგ, დროებით ქიზიყის მოურავად დანიშნეს. 1756, თამაზის რეაბილიტაციის შემდეგ, ა. ქიზიყიდან გაიწვიეს და ქართლის სამეფოს სახლთუხუცესად დანიშნეს. მანვე შეინარჩუნა სარდლის სახელი. 70-იან წლებში ა-მა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ლეკთა წინააღმდეგ ბრძოლაში.
წყარო: ორბელიანი პ., ჰამბავნი ქართლისანი, ე. ცაგარეიშვილის გამოც., თბ., 1981.
ლ. ტუხაშვილი