ამილახვარი ოთარ რევაზის ძე (1756–1827), აღმ. საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე.
რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1810-იანი წლები). საამილახვროს უფროსი, ზემო ქართლის სადროშოს სარდალი და გორის მოურავი. ა-ის მკაცრი მმართველობით უკმაყოფილო გორელებმა 1789 გამოსვლა მოაწყვეს მის წინააღმდეგ. ერეკლე II-მ უკმაყოფილონი დასაჯა, მაგრამ ა-ს უბრძანა დაეცვა „ბატონყმობის რიგი“. ა-მა ააშენა სოფ. ორჭობი, გაიყვანა ახალი სარწყავი არხები. აღორძინებულ ადგილებში დაასახლა ტყვეობიდან გამოსყიდული გლეხები. 1785 იბრძოდა ომარ-ხანის წინააღმდეგ.
1795 მონაწილეობდა კრწანისის ბრძოლაში. ერეკლე II-ის გარდაცვალების შემდეგ ა-ის ძალაუფლება შეიზღუდა. ბატონიშვილებს შორის ტახტისათვის ატეხილ ბრძოლაში დარეჯან დედოფლის ჯგუფს ემხრობოდა. მხარს უჭერდა თავის სიძეს იულონ ბატონიშვილს. ამის გამო 1801 თებ. ამილახორობა დაკარგა.
ლიტ.: გ ვ რ ი ტ ი შ ვ ი ლ ი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955.
ლ. ტუხაშვილი