ამილახვრები

ამილახვრები, ქართლის თავადთა გვარი; მსხვილი სათავადოს – საამილახვროს – მფლობელები ფეოდალურ საქართველოში.

ამილახვარი სამოხელეო თანამდებობისაგან – ამილახორისაგან წარმომდგარი გვარია. თავდაპირველად ისინი ზევდგინიძეები ყოფილან. XV–XVI სს-ში ზევდგინიძე-ამილახვრებად იწოდებიან, XVII ს-იდან კი–ა-ად.

ა-ის სათავადოს საფუძველი XIV ს. დასაწყისში ჩაეყარა. მათი განსაკუთრებული აღზევება XV ს. I ნახევრიდან იწყება. ა. თვალსაჩიო პოლიტ. მოღვაწეები იყვნენ და მსხვილი სამოხელეო თანამდებობები ეჭირათ. ამილახორობის გარდა XV ს-ში ჰქონდათ გორის მოურავის, ეზოს ჩუხჩარეხის და მოლარეთუხუცესის თანამდებობანი. XVI ს-იდან ა-ის სათავადოს უფროსი ზემო ქართლის სადროშოს სარდალი იყო; სხვა წევრებს სხვადასხვა დროს ეშიკაღასბაშის, ბოქაულთუხუცესის, ყორჩიბაშის და სხვ. თანამდებობანი ეკავათ. ა-ის სათავადო პოლიტ. პარტიკულარიზმის ერთ-ერთი მძლავრი ბუდე იყო ქართლის სამეფოში.

ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი  ნ., ფეოდალური ურთიერთობიდან XV საუკუნეში, წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 2, თბ., 1965; გ ვ რ ი ტ ი შ ვ ი ლ ი  დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955; ქ ი ქ ო ძ ე  მ., ქართლის სათავადოების ისტორიიდან XV–XVIII სს. (საამილახორო), «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1963, ნაკვ. 35.

გ. აკოფაშვილი