ამირანაშვილი პეტრე ვარლამის ძე [3 (16). XI. 1907, სოფ. ნიგოითი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, – 26. XI. 1976, თბილისი,], მომღერალი (ბარიტონი). საქართვ. სახ. არტისტი (1943), სსრკ (1950) და სომხ. რესპ. სახ. არტისტი (1974). სტალინური პრემიისა (1948) და ზ. ფალიაშვილის სახ. სახელმწ. პრემიების ლაურეატი (1971).
1930 დაამთავრა თბილ. კონსერვატორია (პროფ. ო. ბახუტაშვილ-შულგინას კლასი). იმავე წლიდან თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო. ა-ს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართ. საოპერო ხელოვნ. ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. მის შემოქმედებას ახასიათებდა ეროვნ. თვითმყოფობა, მგზნებარე ტემპერამენტი, ჰეროიკული შემართება და ვოკალურ-დრამ. განსახიერების სანიმუშო მთლიანობა.
დიდი წარმატება ხვდა წილად ქართ. ხელოვნ. პირველ დეკადაზე მოსკოვში (1937) მის მიერ ორიგინალურად, ვოკალურ-სცენური ოსტატობით შესრულებულ კიაზოსა და მურმანის (ზ. ფალიაშვილის „დაისი“ და „აბესალომ და ეთერი“) პარტიებს. ა-მა ხელი შეუწყო ქართვ. კომპოზიტორების ახ. ოპერების წარმატებას. აღსანიშნავია მისი კაკო (ა. ანდრიაშვილის „კაკო ყაჩაღი“), ავთანდილი (შ. მშველიძის „ამბავი ტარიელისა“; სსრკ სახელმწ. პრემია, 1947), ხევისბერი (შ. აზმაიფარაშვილის „ხევისბერი გოჩა“) და განსაკუთრებით ჩალხია (ო. თაქთაქიშვილის „მინდია“). ა-ის თვითმყოფი არტისტიზმი სრული ძალით გამოვლინდა არაქართ. ოპერებში განსახიერებულ როლებშიც: ევგენი ონეგინი (პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“), გრიაზნოი (ნ. რიმსკი-კორსაკოვის „მეფის საცოლე“), იგორი (ა. ბოროდინის „თავადი იგორი“), ამონასრო, რიგოლეტო, დი-ლუნა, იაგო (ჯ. ვერდის „აიდა“, „რიგოლეტო“, „ტრუბადური“, „ოტელო“), დემონი (ა. რუბინშტეინის „დემონი“), ესკამილიო (ჟ. ბიზეს „კარმენი“), ფიგარო (ჯ. როსინის „სევილიელი დალაქი“), ტონიო (რ. ლეონკავალოს „ჯამბაზები“), სკარპია (ჯ. პუჩინის „ტოსკა“), ოთარ-ბეგი (მ. იპოლიტოვ-ივანოვის „ღალატი“), ბოგდან ხმელნიცკი (კ. დანკევიჩის „ბოგდან ხმელნიცკი“) და სხვ.
ა. ეწეოდა ფართო საკონცერტო მოღვაწეობასაც. გამოდიოდა მდიდარი კამერული რეპერტუარით. ასრულებდა ქართველ, რუს და დას. ევროპის კომპოზიტორთა ნაწარმოებებს, აგრეთვე ხალხ. შემოქმედების საუკეთესო ნიმუშებსაც. იგი წარმატებით გამოდიოდა მოსკ., ლენინგრ., კიევის, მინსკისა და ყოფ. საბჭ. კავშირის სხვა ქალაქების, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნების – გფრ-ის (ქ. ზაარბრიუკენის საოპერო სცენაზე განასახიერა ჩალხიას პარტია ო. თაქთაქიშვილის ოპერაში „მინდია“), ჩეხოსლოვაკიის, პოლონეთის, ირანის, ჩინეთის (აქვე 2-თვიანი გასტროლების დროს ადგილობრივი მომღერლებისა და ვოკალისტი პედაგოგების თხოვნით ჩაატარა არაერთი სანიმუშო გაკვეთილი) საოპერო და საკონცერტო სცენებზე.
1962–76 ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ. კონსერვატორიაში (1964-იდან პროფესორი). აქვე დაარსდა ა-ის სახელობის სტიპენდია. თბილ. მე-18 სამუსიკო სკოლას ეწოდა ა-ის სახელი. გადაღებულია კინოფილმში „ქეთო და კოტე“ (თავადი ლევან ფანტიაშვილი, რეჟ. ვ. ტაბლიაშვილი, 1948).
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტ.: გ ვ ა ხ ა რ ი ა ვ., მ ე ს ხ ი ნ., პეტრე ამირანაშვილი, თბ., 1962.
ა. წულუკიძე