„ამირანიანი“

„ამირანიანი“, წარმართობის ხანის ქართული ხალხური ეპოსი, ამირანის შესახებ არსებული თქმულებების საერთო სახელწოდება.

„ა.“ ერთ-ერთი უძველესი ზეპირსიტყვიერი ძეგლია, რ-ის ჩამოყალიბება დაიწყო დაახლ. ძვ. წ. II ათასწლ. დამლევს. თქმულებებმა საუკუნეთა განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა: „ზოგს მათგანს ქრისტიანობის კვალი ეტყობა, ზოგს კიდევ მაჰმადიანური, სპარსულ-არაბული ელფერი ადევს“ (ი. ჯავახიშვილი). „ა-ის“ თქმულებები გავრცელებულია სახელწოდებებით: „ამირანის ამბავი“, „ამირანის ზღაპარი“, „თქმულება ამირანზე“, „ამირანი და ამბრი“, „ამირანი და ჩრდილოელი“, „ამირანი და მეცხვარე“ და სხვ.

„ა.“ ზეპირად ვრცელდებოდა, ყველაზე ადრინდ. ჩანაწერი XIX ს. დასაწყ. მიეკუთვნება (თეიმურაზ ბატონიშვილის წიგნში „ისტორია დაწყებითგან ივერიისა“). XIX ს. II ნახევრიდან „ა-სადმი“ ინტერესი გაღვივდა და მისმა ჩაწერამაც სისტემური ხასიათი მიიღო. 1947 მ. ჩიქოვანმა გამოსცა „ა-ის“ თქმულებები ვრცელი გამოკვლევითა და შენიშვნებითურთ („მიჯაჭვული ამირანი“). „ა.“ ლექსნარევი პროზაა. ვარაუდობენ, რომ თავდაპირველად თქმულებებს პროზაული სახე ჰქონდა, ლექსის შერევა მოგვიანებით უნდა მომხდარიყო. არსებობს „ა-ის“ მხოლოდ პროზაული ან მთლიანად პოეტური ნიმუშებიც, თუმცა ისინი, ჩვეულებრივ, ძეგლის რომელიმე ერთ ეპიზოდს გადმოგვცემენ. „ა-ის“ ძირითადი მოტივია მთავარი გმირის მიჯაჭვა. ეს მოტივი ფართოდ არის გავრცელებული და მსოფლიოს ხალხთა მრავალ მითოლ. თქმულებაში გვხვდება. აღსანიშნავია ამირანის თქმულებათა განსაკუთრებული სიახლოვე ბერძნ. პრომეთეს მითთან. ძვ. ბერძნები, ძვ. წ. V–IV სს-იდან მოყოლებული, პრომეთეს მითს კავკასიურად, ხოლო მისი მიჯაჭვის ადგილად კავკასიონს თვლიდნენ (ჰესიოდე, ესქილე, სტრაბონი, არიანე, ფილოსტრატე); მიუთითებდნენ, რომ კავკ. მკვიდრთ კლდეზე მიჯაჭვული გმირის შესახებ ისეთივე თქმულებები აქვთ, როგორიც ბერძენ მგოსნებს. კავკასიაში ამ სახის თქმულებები აქვთ აფხაზებს, სომხებს, ოსებს, ჩრდ. კავკ. ხალხებს, მაგრამ ქართ. „ა.“ ყველაზე ადრინდ. და სრულყოფილი უნდა იყოს. პრომეთესა და ამირანის მსგავსება პირველად შეუნიშნავს თეიმურაზ ბატონიშვილს. შემდგომში ეს საკითხი უყურადღებოდ არ დაუტოვებია არც ერთ თვალსაჩინო კავკასიოლოგს. ქართ. თქმულებებში „ა-ის“ მთავარ გმირს გულზვიადობისათვის რკინის პალოზე მიჯაჭვით სჯის ქრისტე-ღმერთი, რადგან ამირანმა თავისი ნათლია ქრისტე გამოიწვია შეჯიბრებაში. ქრისტეს სახე „ა-ში“ მოგვიანებით უნდა იყოს შესული, ეს აშკარად დასტურდება ბერძენი მწერლებისა და მოგზაურების ცნობებით, რ-თა მიხედვითაც, მიჯაჭვული გმირის თხზ. კავკასიაში გავრცელებული იყო ახ. წელთაღრიცხვამდე.

„ა-ის“ მნიშვნელოვანი მოტივია ამირანის მიერ მზეთუნახავის [ცაში, ბროლის კოშკში მცხოვრები ღრუბელთბატონის ასული – ყამარი (კამარი, ქეთუ)] მოტაცება. ღრუბელთბატონი დაედევნება ამირანს, რ-იც ქალის დახმარებით ამარცხებს მას. მკვლევრები „ა-ის“ ამ ეპიზოდში ხედავენ ცეცხლის მოტაცების მოტივს: „კამარ-ქეთუ ციური ცეცხლის გაპიროვნება უნდა იყოს“ (ი. ჯავახიშვილი). ეს თვალსაზრისი შემდგომ განავითარეს შ. ნუცუბიძემ, მ. ჩიქოვანმა და სხვ. ქართვ. მკვლევრებმა.

ლიტ.: ვ ი რ ს ა ლ ა ძ ე  ე., ქართული სამონადირო ეპოსი, თბ., 1964; ნ უ ც უ ბ ი ძ ე  შ., ქართული ფილოსოფიის ისტორია, ტ. 1, თბ., 1956; ჩ ი ქ ო ვ ა ნ ი  მ., ქართული ეპოსი. მიჯაჭვული ამირანი, წგ. 1–2, თბ., 1959–65; მისივე, ხალხური შემოქმედების ისტორიისა და თეორიის საკითხები, თბ., 1986; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი  ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 1, თბ., 1979 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 1).

ჯ. ბარდაველიძე