ამირანის ფერხული, ამირანის ეპოსთან დაკავშირებული უძველესი ქართული ხალხური ცეკვა.
შემორჩენილია სვანეთსა და რაჭაში. სვანეთში მას „სანადიროსაც“ უწოდებენ. ა. ფ. ქართ. ხალხ. შემოქმედების უძველესი ნიმუშია. იგი განეკუთვნება იმ პერიოდს, როდესაც მატრიარქატი ადგილს უთმობდა პატრიარქატს.
ფერხულში მონაწილეობენ როგორც მამაკაცები, ისე ქალები. სრულდება სამხმიანი სიმღერის თანხლებით ანტიფონურად. სიმღერის პირველი ნაწილი დინჯია და შესავლის ფუნქცია აქვს, ხოლო მეორე – საცეკვაო რიტმზეა აგებული და ღია ფორმას ქმნის (რამდენადაც შესრულების ხანგრძლივობა განუსაზღვრელია). მუს. ზომა 4/4.
ა. თათარაძე
ი. ჟორდანია