ამირბეკიანი არტაშეს (დორი) ბეგლარის ძე [8 (21). V. 1905, თბილისი, – 25. I. 1983, იქვე], სომეხი მსახიობი. საქართვ. (1958) და სომხ. (1964) სახ. არტისტი.
1922 თბილისში ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ პედ. მოღვაწეობას ეწეოდა სომხეთში. 1929 მუშაობა დაიწყო სოხუმის თეატრის სომხ. დასში. 1929-32 იყო თბილ. სომხ. დრამის მსახიობი, 1932–35 – ერევნის მ. გორკის სახ. დრამ. თეატრის მსახიობი, 1936-იდან – თბილ. სომხ. დრამ. თეატრის მსახიობი. გამოირჩეოდა ფართო შემოქმედებითი დიაპაზონით. ერთნაირი წარმატებით ასრულებდა როგორც სახასიათო კომედიურ, ისე დრამ. როლებს: კაკული, ისაია (გ. სუნდუკიანის „პეპო“, „ხათაბალა“), რუსტამი (ა. შირვანზადეს „ნამუსი“), ოთარბეგი (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“), ზაბელინი (ნ. პოგოდინის „კრემლის კურანტები“), ანდრო (ს. კლდიაშვილის „გმირთა თაობა“), იაგო (უ. შექსპირის „ოტელო“), ფრანც მოორი (ფ. შილერის „ყაჩაღები“), ოგსენი (ა. პარონიანის „ძია ბაღდასარი“) და სხვ.
შ. ცუცქირიძე