ამირეჯიბი სიმონ სარდიონის ძე [6 (18). VIII. 1877, სოფ. საღოლაშენი, ახლანდ. ქარელის რ-ნი, – 24. X. 1936, თბილისი], მეცნიერი, ბაქტერიოლოგიისა და ჰიგიენის ფუძემდებელი საქართველოში. პროფესორი (1919).
1903 დაამთავრა ხარკოვის უნ-ტის სამკურნ. ფაკ-ტი. ჯერ კიდევ II კურსის სტუდენტმა ხორცის ექსტრაქტში აღმოაჩინა ახალი ნივთიერება კარნოზინი. 1907–19 იყო ხარკოვის სამედ. საზ-ბის შრატებისა და ვაქცინების განყ-ბის, ხოლო 1915–19 – ბაქტერიოლოგიის განყ-ბის გამგე. 1919 საქართველოში დაბრუნდა. ა. იყო თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტის ერთ-ერთი ორგანიზატორი (1919), დააარსა ბაქტერიოლოგიისა (1919) და ზოგადი ჰიგიენის (1920) კათედრები ამ ფაკ-ტზე, მიკრობიოლ. კათედრა – თსუ-ის აგრონ. ფაკ-ტზე (1919). ა. თბილ. სანიტ. ჰიგიენის ინ-ტის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი დირექტორი (1926–33) იყო.
მისივე თაოსნობით 1919 დაიწყო საქართველოში ვაქცინებისა და შრატების წარმოება. ა-მა შეისწავლა თბილ. და საქართვ. სხვა ქალაქების წყალსადენების სანიტარიის, მტკვრის გაბინძურებისა და თვითგაწმენდის საკითხები, მუშაობის სანიტ.-ჰიგიენური პირობები ჭიათურის მაღაროებში, აგრეთვე შავი ზღვის მიკროპლანქტონი და სხვ. შეადგინა სამედ. მიკრობიოლ. პირველი ქართ. სახელმძღვანელო.
თხზ.: სამკურნალო მიკრობიოლოგია, ტფ., 1933; Zur Kenntnis der Extractivstoffe der Muskeln, «Hoppe-Seyler´s Zeitschrift für physiologische Chemie», 1900, Bd. 30, H.6 (თანაავტ.: W. Gulewitsch).