ამირეჯიბი შალვა გიორგის ძე

ამირეჯიბი შალვა გიორგის ძე (1887, სოფ. ხურვალეთი, გორის მაზრა, – VII. 1943, პარიზი, დაკრძალულია იქვე, სენტუანის სასაფლაოზე), პოეტი, პოლიტიკური მოღვაწე. ეროვნ.-დემოკრ. პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი, საქართვ. დამოუკიდებლობის დროს, 1918–21, ეროვნ. საბჭოს და დამფუძნებელი კრების წევრი.

დაამთავრა თბილ. სათავადაზნაურო ქართ. გიმნაზია. პირველი ლექსებიც სწავლის დროს დაწერა. მოწაფეობაშივე გაიტაცა რევ. მოძრაობამ, მონაწილეობდა 1905 გამოსვლებში ქუთაისში მიხაკო წერეთელთან ერთად. 1906 უმაღლესი განათლების მისაღებად ევროპაში გაემგზავრა, ვენის უნ-ტში ისმენდა ლექციებს. 1909 ა. სამშობლოში დაბრუნდა და გამოსცა ალმანახი „ჩვენი ერი“; მალე დააპატიმრეს. ლიტ. მოღვაწეობა XX ს. 10-იან წლებში დაიწყო; იყო ეროვნ.-დემოკრ. მიმართულების ჟურნ. „კლდის“ თანამშრომელი, რ-შიც ნაწარმოებებს ბეჭდავდა „ფარსმან-ფარუხის“ ფსევდონიმით. 1915-იდან გახდა ეროვნ.-დემოკრ. მიმართულების გაზეთების „სამშობლოსა“ და „საქართველოს“ მუდმივი ავტორი; სავარაუდოა, რომ მისი ფსევდონიმები იყო აგრეთვე „ჩორჩანელი“, „შ. ა.“ და „ა.-ი.“

ამ პერიოდში გამოაქვეყნა შემდეგი ნაწარმოებები: „დიმიტრი ყიფიანის პოლიტიკური კრედო“ („კლდე“, 1912, №14), „შოთა რუსთაველი“ („კლდე“, 1913 №16), „ვაჟა-ფშაველას გარდაცვალების გამო“ („საქართველო“, 1915, №60), „ვალერიან გუნია“ („საქართველო“, 1917, № 92), „ქართველი მენშევიკები“ („საქართველო“, 1918, №8), „ამიერ-კავკასიის სეიმი“ (საქართველო“, 1918, №11), „დამოუკიდებლობა“ („საქართველო“, 1918, №232), „თბილისის უნივერსიტეტი“ („საქართველო“, 1921, №18) და სხვ. 1916 ა. გაიწვიეს I მსოფლიო ომში.

1917 თებ. რევ. შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და გახდა ეროვნ.-დემოკრ. პარტიის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწე. ს. კედიასა და რ. გაბაშვილთან ერთად იგი წარმოადგენდა ეროვნ.-დემოკრ. პარტიის ფრაქციას დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტში. 1919 ა-მა ცოლად შეირთო ვ. ანჯაფარიძე, რ-იც დიდხანს იყო მისი გატაცებისა და პოეტური შთაგონების საგანი, უძღვნა მრავალი ლექსი, ზოგიერთი მათგანი შევიდა 1920 გამოსული ლირიკული ლექსების პატარა კრებულში „მინანქრები“. ა-ს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ქართვ. სიმბოლისტ მწერლებთან; მეგობრობდა „ცისფერყანწელებთან“– გ. ლეონიძესთან, პ. იაშვილთან, ტ. ტაბიძესთან და სხვ. მისი ორი ლექსი „მასკარადი“ და „ლეკური“ შევიდა „ახალი პოეზიის ანთოლოგიაში“ (ქუთაისი, 1919).

1922–24 ა-მა შექმნა მიძღვნები და ეპიგრამები ს. ყანჩელის, შ. დადიანის, პ. ქავთარაძის, გ. რობაქიძის, გ. ლეონიძის, შ. შარაშიძის, ი. გრიშაშვილის, კ. ანდრონიკაშვილისა და სხვ. მიმართ. ამავე პერიოდს ეკუთვნის არაერთი შესანიშნავი ლირ. ლექსი: „შემოდგომა“, „ქუთათური სერენადა“, „ანტიანაკრეონტი“, „მშვიდობით, მწვანე კიკეთო“, „ქანდაკი“, „რევოლუცია“, „მუზას“ და სხვ. 1922 ვ. აბაშიძის სასცენო მოღვაწეობის 50 წლისთავთან დაკავშირებით გამოსცა პატარა წიგნი – „ვასილ აბაშიძე“.

ა. გვერდში ამოუდგა ქაქუცა ჩოლოყაშვილს და მისი ერთ-ერთი უახლოესი თანამზრახველი გახდა ახ. რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1924 აგვისტოს აჯანყების წარუმატებელი ცდის შემდეგ, 1925, იგი უცხოეთში გაიხიზნა. ცხოვრობდა უმეტესწილად საფრანგეთსა და გერმანიაში. ემიგრაციაში ა. თავის ლექსებს, პროზაულ ნაწარმოებებსა და პუბლიც. წერილებს აქვეყნებდა ქართ. ემიგრანტულ პრესაში – „სამშობლო“, „დამოუკიდებელი საქართველო“, „ბედი ქართლისა“, „კავკასიონი“. 1940 ბერლინში დააარსა საკუთარი ჟურნ. „ახალი დროება“. ა-ის ემიგრანტული პერიოდის ლექსებიდან აღსანიშნავია „მამულს“, „კოტე აბხაზის სიკვდილზე“, „კოტე ანდრონიკაშვილს“, „ელენე აბხაზს“, „რუბაიები“, „სოფელი“, „შალვა შარაშიძეს“, „ვერა ფაღავას“ და სხვ. მისი მოგონება „ქაქუცა ხევ-გძელაზედ“ გვიხატავს ქაქუცა ჩოლოყაშვილის თავდადებული ბრძოლის ერთ-ერთ ეპიზოდს.

ლიტ.მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი  ს., შალვა ამირეჯიბის პოლიტიკური დისკურსი და პირადი ცხოვრების უცნობი წახნაგები, კრ. „სახელმწიფოებრივი სუვერენობის იდეა და XX საუკუნის მწერლობა", საერთაშორისო სიმპოზიუმი ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები, თბ., 2018; შარაძე გ., უცხოეთის ცის ქვეშ, წგ. 1, თბ., 1991.

 

გ. შარაძე