ამირთა ამირა, ამირთამირა, ქალაქის თავი ფეოდალურ საქართველოში.
XII ს. ბოლოდან, როცა ეს მოხელეობა დაწესდა, XV ს-მდე ასე ეწოდებოდა მხოლოდ თბილ. გამგებელს (გამონაკლისის სახით XIII ს. დასაწყისში კარის, ახლანდ. ყარსის, ამირთამირობა მიიღო ივანე ახალციხელმა). ა. ა. იყო მეჭურჭლეთუხუცესის „ქვეშე დაწესებული“ მოხელე, მისი მოადგილე ანუ „ნაცვალი“. სავარაუდოა, რომ მას ექვემდებარებოდნენ სხვა „ქალაქის ამირები“ (ქუთაისის, დმანისის, რუსთავის, ჟინვალისა და სხვ.).
ა. ა-ს ევალებოდა ქალაქის მოვლა-პატრონობა, მოქალაქეთა გასამართლება და „ქალაქის პირის სოფლებზე“ (ქალაქის შემოგარენი) მზრუნველობა. XV ს. შემდეგ, საქართვ. ერთიანი სამეფოს დაშლის პერიოდში, „ქალაქის ამირთამირები“ ჩნდებიან საქართვ. სხვა ქალაქებშიც (ახალციხე, ქუთაისი). XVII ს-იდან ა. ა-ს უკვე „ქალაქის მოურავი“ ეწოდება. თბილისის უკანასკნელი ა. ა. იყო დიდი მოურავი – გიორგი სააკაძე.
ლიტ.: მ ე ს ხ ი ა შ., საისტორიო ძიებანი, ტ. 2, თბ., 1983; მ უ ს ხ ე ლ ი შ ვ ი ლ ი დ., თბილისის ამირთამირობის ინსტიტუტისათვის, კრ.: საქართველო რუსთაველის ხანაში, თბ., 1966; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგ. 2, ნაკვ. 1, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 6); М е с х и а Ш. А., Города в городской строй феодальной Грузии XVII–XVIII вв., Тб., 1959.
დ. მუსხელიშვილი