ამისოსის მონეტა, ძვ. წ. V ს. უკანასკნელი მეოთხედის – ახ. წ. III ს. ქ. ამისოსში (ახლანდ. ქ. სამსუნის მახლობლად, თურქეთი) მოჭრილი სხვადასხვა ტიპის ვერცხლისა და სპილენძის მონეტები.
ვერცხლის მონეტის ავერსზე გამოსახულია ქალის (ჰერას ან ნიმფა ამისოს) პროფილი, რევერსზე – ფრთებგაშლილი ბუ, რ-ის ქვეშ ბერძნ. წარწერაა „პეირა“ (ქ. ამისოსის სახელწოდება ძვ. წ. V–IV სს-ში), ხოლო ფრთებქვეშ მაგისტრატის შემოკლებული სახელი – „არის“. ძვ. წ. IV ს. ვერცხლის მონეტები აღმოჩენილია საქართველოშიც (ქობულეთი). სპილენძის მონეტის ავერსზე გამოსახულია ეგიდა-მედუზა, რევერსზე – გამარჯვების ქალღმერთი ნიკე და ბერძნ. წარწერა „ამისუ“. ძვ. წ. 105–90 მოჭრილი სპილენძის მონეტები საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული (ვანი, სოხუმი, მცხეთა და სხვ.).
ლიტ.: დ უ ნ დ უ ა გ., საქართველოსა და პონტოს სამეფოს ურთიერთობა (ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით), «ძეგლის მეგობარი», 1967, № 10–11; კ ა პ ა ნ ა ძ ე დ., ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე გ., ანტიკური ხანის მონეტები ვანის ნაქალაქარიდან, «ცისკარი», 1967, № 8.
გ. დუნდუა