ამლივი

ამლივი, ამლევი, შუა საუკ. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, „ტბისის“ კომპლექსი, თეთრი წყაროს მუნიციპ-ში, რაიონული ცენტრის ჩრდ.-აღმ-ით, სოფ. ამლევის მიდამოებში, ალგეთის ხეობაში.

ზღუდით გარშემოვლებულ კომპლექსში შედის ეკლესია, სამრეკლოს კოშკი, სასახლისა და სხვადასხვა დანიშნულების სათავსების ნაშთები. ა-ის სამების ეკლესია, რ-საც იქვე მდგარი კოშკის გამო „კოშკის“ ეკლესიასაც უწოდებენ, დგას გალავნით შემოზღუდულ, ხელოვნურად მოსწორებულ მოედანზე. ჩრდ. კედლით კლდეს ებჯინება. შიგნით და გარედან ნაგებია სუფთად გათლილი მოწითალო ალგეთის ქვით. შესასვლელი ორია – სამხრეთისა და დასავლეთისა. კარ-სარკმლის სათაურები ჩუქურთმებითაა შემკული. შემორჩენილი ფრაგმენტებიდან ჩანს, რომ ამ ადგილას ადრე უფრო დიდი და ძველი ეკლესია მდგარა. დას. შესასვლელის არქიტრავზე ამოკვეთილ მხედრულით შესრულებულ წარწერაში (1683) მოხსენიებულია ეკლესიის აღმშენებელი – ბარათაშვილ-გოსტაშაბიშვილთა ძე პაპუნა (მეუღლითურთ), რ-იც, ისტ. წყაროებით, XVII ს. II ნახევარში აღნიშნულ ტერიტორიაზე დიდ აღმშენებლობით მოღვაწეობას ეწეოდა. ა-ის კომპლექსი მისი რეზიდენცია იყო. ეკლესია სამალავი გვირაბით მეორე – გარე გალავანს უკავშირდებოდა. რიყის ქვით, წესიერი წყობით ნაგები სასახლე ორსართულიანი იყო. ქვედა სართული დარბაზისა და აივნისაგან შედგებოდა. დარბაზის კედლებში ნიშები და ბუხარია. გეგმით ოთხკუთხა სამრეკლოს ქვედა სართული, როგორც ჩანს, სამლოცველოს წარმოადგენდა. იგი ეკლესიაზე უფრო ადრინდ. ჩანს.

ეკლესია რესტავრირებულია 1989 (არქიტექტორები მ. ბოჭოიძე, ლ. ბოკუჩავა).

ლიტ.: ა ს ა თ ი ა ნ ი  ნ., ჭიჭინაძე ი., ალგეთი, თბ., 1985; ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი  დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან, თბ., 1979.