ამორძალები, ამაზონების (ბერძნ. Amazones) ქართულ ლიტერატურაში დამკვიდრებული სახელი.
ბერძნ. მითოლოგიით, ა. მეომარ ქალთა ტომი იყო, რ-იც მეოტიდის (აზოვის) ზღვის თუ (უფრო გავრცელებული ვერსიით) შავი ზღვის სანაპიროზე (მდ. თერმოდონტის – ახლანდ. თერმეჩაის შესართავთან) მოსახლეობდა. გადმოცემით, ა. ქორწინდებოდნენ სხვა ტომის მამაკაცებთან, რ-თაც შემდეგ სამშობლოში ისტუმრებდნენ. შეძენილ ვაჟებს მამებს აძლევდნენ (ზოგი ვერსიით ხოცავდნენ), ქალიშვილებს კი იტოვებდნენ და მეომრებად ზრდიდნენ. მშვილდის უკეთ მოხმარების მიზნით, ა-ს მარჯვ. ძუძუ ამოშანთული ჰქონდათ. არსებობს მთელი ციკლი მითებისა ა-ის შესახებ (ფართოდ იყო გავრცელებული ლეგენდა ა-ის ათენზე ძლევამოსილი ლაშქრობის შესახებ, ე. წ. „ამაზონომაქია“). ეს გადმოცემები ფართოდ აისახა ძვ. ბერძნ. მხატვრულ და საისტორიო მწერლობაში (ჰეროდოტე, ჰიპოკრატე, ეფორე, სტრაბონი, აპოლონიოს როდოსელი და სხვ.), სახვ. ხელოვნებაში (ფიდია, პოლიკლეტე და სხვ.).
ა. გამოსახული არიან როგორც პირმშვენიერი და ტანადი ქალები, მათი იარაღია ორმაგი ცული („ამორძალური ცული“), მშვილდისარი, ნახევარმთვარისებრი ფარი. ა-ის შესახებ ლეგენდებს მატრიარქატის ანარეკლად მიიჩნევენ. ლეგენდები ფართოდ იყო გავრცელებული აგრეთვე სხვა ხალხებში. ა-ზე გადმოცემები პოპულარული იყო შუა საუკუნეებშიც.
დიდი გეოგრ. აღმოჩენების ხანაში ა-ის ქვეყანა ამერიკაში ეგულებოდათ (შდრ. მდინარე „ამაზონის“ სახელწოდება).