ამპელოგრაფია

ამპელოგრაფია (ბერძნ. ampelos – ვაზი და graphō – ვწერ), ვაზის სახეობებისა და ჯიშების შემსწავლელი მეცნიერება.

XIX ს. დასაწყისში ა. გამოყენებითი ბოტანიკის დამოუკიდებელ დარგად ჩამოყალიბდა. ა. არის ზოგადი და კერძო. ზოგადი ა. შეისწავლის ვაზისებრთა ოჯახის სისტემატიკის საკითხებს, გვარებს, სახეობებს, ჯიშებსა და ველურად მოზარდი ვაზის ფორმების წარმოშობას, გავრცელებასა და განვითარებას; კერძო ა. – ვაზის ჯიშებისა და პოპულაციების ბოტან., ბიოლ. და სამეურნეო ნიშან-თვისებებს, ახდენს ჯიშების შერჩევასა და დარაიონებას განსაზღვრული ეკოლ. პირობებისათვის. ამპელოგრაფიული სამუშაოები ტარდება საწარმოო და საკარმიდამო ვენახებში, ამპელოგრაფიულ კოლექციებში. საქართველოში პირველი ამპელოგრაფიული კოლექცია (1000-მდე ჯიში) შეიქმნა 1931 თელავის მევენახეობა-მეღვინეობის საკავშ. ინ-ტთან (ახლანდ. საქართვ. მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის თელავის საცდელი სადგური).

1947 სოფ. დიღმის ტერიტორიაზე საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის მევენახეობის კათედრის ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა დიდი მნიშვნელობის კოლექციას (1200-მდე ჯიში). 1967 მის ბაზაზე იქვე შეიქმნა უფრო სრულყოფილი კოლექცია და კომპლ. ლაბორატორია (რ-იც მოიცავდა 2500-მდე ჯიშსა და სახეობას). რ-ნული და რესპ. მნიშვნელობის კოლექციებია საქარში, ქედაში, გუდაუთსა და სენაკში. ხანგრძლივი საექსპედიციო და სტაციონარული კვლევის შედეგად საქართველოში გამოვლენილი და შესწავლილია 500-მდე აბორიგენული ჯიში, მათგან 40-მდე ჯიში დარაიონებულია.

ლიტ.: რ ა მ ი შ ვ ი ლ ი  მ., ამპელოგრაფია, [გამოც. მე-2], თბ., 1986.

მ. რამიშვილი