ამპურა, მაპურა, პურა-პურა, დათვის ბაბა (Sorbus graeca), ბუჩქი ან ტანდაბალი ხე ვარდისებრთა ოჯახისა.
აქვს მომრგვალო, ქვედა მხრიდან თეთრი, ქეჩისებრბუსუსიანი ფოთლები და ჟოლოსფერი ნაყოფი. გავრცელებულია ყირიმსა და კავკასიაში, შუა ევროპაში, ხმელთაშუაზღვისპირეთსა და მცირე აზიაში; საქართველოში – თითქმის ყველგან იზრდება კლდოვან და ქვიან ადგილებზე და ჩამონაზვავებზე, უმეტესად მზვარე ადგილებში, მთებში – ზ. დ. 1600 მ-მდე. თაფლოვანი და დეკორ. მცენარეა. აქვს მაგარი, მაღალხარისხოვანი მერქანი, რ-საც სხვადასხვა ნაკეთობისათვის იყენებენ. ფოთლებისაგან მზადდება მოყავისფრო-შავი საღებავი.
ა-ს ნაყოფს ძველად საქართველოში პურის გულად ხმარობდნენ ან ფქვავდნენ და ხორბლის ფქვილს ურევდნენ.
ვ. მირზაშვილი