ამფიბიები (Amphibia), ხერხემლიანი ცხოველების მცირერიცხოვანი კლასი.
მათი სხეულის ტემპ-რა დამოკიდებულია გარემოს ტემპ-რასა და ტენიანობაზე. ა-ის კვერცხი მოკლებულია ისეთ გარსს, რ-იც იცავს გამოშრობისაგან. ამიტომ, როგორც წესი, უწყლო გარემოში ვერ ვითარდება. სახეობების უმრავლესობის განვითარება მიმდინარეობს მეტამორფოზით. წყალში ცხოვრებასთან შეგუებული ლარვები, როგორც წესი, ხმელეთზე მცხოვრებ ზრდასრულ ფორმებად იქცევიან. ა-ის ლარვები სუნთქავენ ლაყუჩებით, ხოლო ზრდასრულები – პარკისებრი ფილტვებით. ფილტვების ზედაპირი შედარებით მცირეა, ამიტომ სუნთქვაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს შიშველი, ლორწოვანი და ჯირკვლებით მდიდარი კანი.
ა-ის კლასში დაახლ. 3400 სახეობაა. ისინი გაერთიანებული არიან 3 რიგში: უფეხოები (Apoda), უკუდოები (Anura) და კუდიანები (Caudata).
საქართველოში გვხვდება ბოლო 2 რიგის წარმომადგენლები, რ-ებიც გაერთიანებული არიან 5 ოჯახის (სალამანდრისებრნი, ვასაკასებრნი, ბაყაყისებრნი, მყვარისებრნი, გომბეშოსებრნი) 7 გვარში (ტრიტონი, გრძელკუდა სალამანდრა, ვასკა, ბაყაყი, მყვარი, ჯვრიანა და გომბეშო).
საქართველოში ბინადრობს უკუდო ამფიბიების 7 და კუდიანი ამფიბიების 4 სახეობა. ჩვენი ფაუნის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია: კუდიან ა-თაგან – კავკასიური სალამანდრა და მცირეაზიური ტრიტონი, უკუდო ა-თაგან – კავკასიური ჯვრიანა, რ-იც ამიერკავკ. ენდემია, და სირიული მყვარი.
მცირეაზიული ტრიტონი შეტანილია „წითელ ნუსხაში“, კავკ. სალამანდრა, კავკ. ჯვრიანა და სირიული მყვარი – „საერთაშორისო წითელ წიგნში“.
მ. ბაქრაძე