ამქართა აჯანყება

ამქართა აჯანყება თბილისში 1865, თბილისის ამქრების, წვრილი ხელოსნებისა და ვაჭრების გამოსვლა მთავრობის ახალი, დამატებითი გადასახადების წინააღმდეგ.

ახ. გადასახადები შეეხო აგრეთვე ყავახანებს, სასადილოებს, მეეტლეებს, მეფორნეებს და სხვ. მღელვარება გამოიწვია ქალაქის თავის განკარგულებამ გადასახადების აკრეფის შესახებ. ამქრებმა ჯერ მშვიდობიანი მოლაპარაკება სცადეს – მეფისნაცვალს განცხადება წარუდგინეს და გადასახადებისაგან გათავისუფლება სთხოვეს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ.

27 ივნ. დილიდან დაიხურა ყველა დუქანი. ათი ათასამდე კაცმა – ხელოსნებმა, მეეტლეებმა, თულუხჩებმა, მეფორნეებმა, შავმა მუშებმა და სხვ. – თავი მოიყარა ერევნის (ახლანდ. თავისუფლების) მოედანზე და იერიში მიიტანა საპოლიციო სამმართველოზე.

მეფისნაცვლის მოვალეობის აღმსრულებელმა გ. ორბელიანმა და სამხ. გუბერნატორმა ნ. ჭავჭავაძემ სცადეს ხალხის დაშოშმინება, მაგრამ უშედეგოდ. აჯანყებულები ქალაქის თავის ბინისაკენ დაიძრნენ, აიკლეს იქაურობა და მოკლეს გადასახადების ამკრეფი. მთავრობამ სამხ. ძალით შეძლო მღელვარების ჩახშობა. რამდენიმე კაცი დაიღუპა და დაიჭრა. უსტაბაშების (ამქართა წინამძღოლების) ღალატმა მთავრობას გაუადვილა აჯანყების ლიკვიდაცია. 80 კაცი სასამართლოს გადასცეს, მათგან 10-ს ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს, 32-ს სხვადასხვა ვადით პატიმრობა. თბილ. ამქართა გამოსვლები 1865 ივნ. დღეებში ფეოდ. ამქრული წარმოების უკანასკნელი გაბრძოლება იყო.

ა. კიკვიძე